მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მე-5 უმდიდრეს ადამიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

628c98df1fdfa
BM.GE
24.05.22 12:28
7791
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს.

აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონალური ცენტრის პოზიციონირების მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ, როგორ აქცევს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ხელშემწყობი საინვესტიციო კლიმატი ბუნებრივ ჰაბად და იდეალურ ადგილად მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობისთვის, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, კონკურენტული საოპერაციო ხარჯებითა და მასტიმულირებელი ფაქტორებით ისარგებლებენ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრმა Adani Group-ის დელეგაცია ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია. შეხვედრა მთავრობის მეთაურის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. Adan Group მრავალეროვნული კონგლომერატია და მისი საქმიანობა მოიცავს პორტების მართვას, ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოებას, სამთომოპოვების, აეროპორტების ოპერირების და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს.

Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს.