მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილის 10-წლიანი გეგმის ძიებაში: სად არის დოკუმენტი?

6203e4155bf2e
თელარა გელანტია
13.02.22 10:30
3315
“საქართველოს 10-წლიანი განვითარების ხედვას 100 დღეში წარმოვადგენთ“, - ეს პირობა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 22 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დადო, როდესაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მოულოდნელად გადადგომის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ წარადგინა და პარლამენტმაც მხარი დაუჭირა.

ერთი წელი სრულდება, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეა, მაგრამ საქართველოს 10-წლიანი განვითარების გეგმა, როგორც სტრატეგიული დოკუმენტი, ამ დრომდე საჯარო არაა - ის არც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და არც - მთავრობის.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურში უთხრეს, რომ „გეგმა ყველა სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული“, თუმცა ჩვენი ინტერესის საგანს 10-წლიანი ხედვის სრული დოკუმენტი წარმოადგენდა.



აღსანიშნია ისიც, რომ სხვადასხვა სამინისტროს ვებგვერდებზე მხოლოდ პრეზენტაციებია ატვირთული, ზოგიერთს კი, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დოკუმენტი სლაიდების სახით, მხოლოდ უწყების ოფიციალურ facebook-გვერდზე უდევს.

საქმე ის არის, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, პრემიერის უშუალო დავალებით, 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია ყველა სამინისტრომ გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილის 10-წლიანი გეგმის ძიებაში bm.ge-მ კითხვები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებსაც დაუსვა - სად არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის მომზადების პირობა პრემიერმა პარლამენტის წინაშე დადო.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე: მე ვიცი ასეთი რამ... მიღებული მაქვს სამთავრობო ინიციატივების გეგმა, სადაც გაწერილი კანონპროექტების დიდი ნაწილი - 60% არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პროფილის. უამრავი ინიციატივაა საფინანსო სექტორში. მე მგონი, ეს რამდენიმე წელზე გვეყოფა...

- ეს ხომ პრემიერის მიერ დაანონსებული 10-წლიანი განვითარების გეგმა არაა?

- ინიციატივები, რაც მე ვნახე, ეხება ცენტრალურ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს.... 10 წელზეა თუ რამდენ წელზეა არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ წელზე გაწერილი გეგმაა...

- ჩვენ ვეძებთ პრემიერის მიერ დაანონსებულ 10-წლიანი განვითარების გეგმას... მთავრობის 4-წლიანი გეგმები ხომ სხვაა... ეს ვიცით, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული...

- შეიძლება ეს იმ გეგმის ნაწილია...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა: ყველა სამინისტრომ წარმოადგინა პრიორიტეტული მიმართულებები. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შენიშვნებიც, რეკომენდაციებიც და ა.შ. მთავარია, დოკუმენტი უკვე გვაქვს.

- დოკუმენტი არ იძებნება... მხოლოდ პრეზენტაციების სახით ვნახეთ... ეს ხომ არაა 10-წლიანი განვითარების გეგმა?!

- საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში, ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ იქ, სადაც არის შესაძლებლობა, დაკორექტირდეს, გადაიხედოს, რადგან მსოფლიო ისე იცვლება, რომ ყოველწლიურად ახალ-ახალი გამოწვევები გვაქვს... ეს შეიძლება იყოს ომი, პანდემია, წარღვნა... არ ვიცი. აქედან გამომდინარე ლავირება უნდა შევძლოთ, რომ 10-წლიანი გეგმები მოვარგოთ სიტუაციას...

- გეგმა სად არის? სადმე ატვირთულია როგორც ოფიციალური, სტრატეგიული დოკუმენტი?

- მგონი, მთავრობის ვებგვერდზე არის ატვირთული. ნახეთ. მეც მოვძებნი.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე 10-წლიანი განვითარების გეგმა ატვირთული არ არის.