მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატის უმუშევრობის სტატისტიკა სანდოობას მოკლებულია - რამაზ გერლიანი

602fd8d5cd910
სალომე მეცხვარიშვილი
19.02.21 20:50
1608
საქსტატის უმუშევრობის სტატისტიკა სანდოობას მოკლებულია,- ასე ეხმაურება “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ უმუშევრობის მაჩვენებელს. უწყების ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8%-ით 20.4%-მდე გაიზარდა.

რამაზ გერლიანი ამბობს, რომ უმუშევრობის ზრდა მოსალოდნელი იყო იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში covid-19-ის პანდემიის გამო იყო დაწესებული, თუმცა, რეალური რიცხვები უფრო ტრაგიკულია.

საქსტატმა უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია ახლახან შეცვალა და ადამიანები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და პროდუქტები მხოლოდ საკუთარი თავის რჩენისთვის მოჰყავთ, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2019 წლის უმუშევრობის დონე გაიზარდა. მიუხედავად ცვლილებებისა, რამაზ გერლიანი საქსტატის მიერ დათვლილ უმუშევრობის მაჩვენებლებს უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება უმუშევარი ოფიციალურად 300 ათასი ადამიანი იყოს, როცა სახელმწიფო დახმარება (თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი) პანდემიის პერიოდში 400 ათასამდე პირმა მოითხოვა.

“ახალი მეთოდოლოგიით ითვლის საქსტატი უმუშევრობის მაჩვენებლებს და ამ მეთოდოლოგიით, უმუშევრობის მაჩვენებელი 2014 წელს 23% იყო, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი 20%. ვინმეს თუ სჯერა, რომ 2014 წელთან შედარებით დღეს უფრო ნაკლებია უმუშევრობა, მან თავის თავში უნდა ეძებოს სტატისტიკური მონაცემების აღქმის პრობლემა... დაუჯერებელია, რომ უმუშევრობა დღეს 20%-ის ფარგლებში იყოს, ვინაიდან ეკონომიკა არის აბსოლუტურად გაჩერებული. ჩვენ ვიცით, რომ 200 ათასზე მეტი ადამიანი იღებს სახელმწიფოს მხრიდან შემწეობას, დაახლოებით 400 ათასმა მოქალაქემ კი განაცხადი გააკეთა, რომ დაკარგა სამსახური, ამიტომ ვერანაირ ნდობას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი ვერ იწვევს”,- აცახდებს რამაზ გერლიანი.