15.ნოემბერი .2019 15:05

ირაკლი გილაური - ქარის ელექტროსადგურს დოლარში ნომინირებული მყარი ფულადი შემოსავლები აქვს

views 523
უკან

საქართველოს პირველი ქარის ელექტროსადგური გაიყიდა. პრივატიზების შედეგად, ელექტროსადგური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში არსებული კომპანია გახდა. 

სადგურში გადახდილი თანხა $14.4 მილიონ დოლარს შეადგენს. ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" და "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ" გამოაცხადეს. 

"საქართველოს კაპიტალის" CEO-მ ირაკლი გილაურმა დადებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის განახლებადი ენერგიის პორტფელის მიმართულებით "საქართველოს კაპიტალის" ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენაძენია. 

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ განახლებადი ენერგიის მიმართულებით ჩვენ საქართველოში მოქმედი პირველი ქარის ელექტროსადგური შევიძინეთ. ქარის ელექტროსადგური მაღალი ხარისხის აქტივს წარმოადგენს და მას აშშ დოლარში ნომინირებული მყარი ფულადი შემოსავლები აქვს. ეს შენაძენი განახლებადი ენერგიის მიმართულებით, ჩვენი განვითარების საშუალოვადიან გეგმებთან არის თანხვედრაში,"- ამბობს "საქართველოს კაპიტალის" CEO ირაკლი გილაური. 

ქარის ელექტროსადგურის შეძენის შედეგად, "საქართველოს კაპიტალის" დადგმული სიმძლავრე განახლებადი ენერგიის მიმართულებით 91 მეგავატამდე იზრდება. საინვესტიციო ჰოლდინგი საშუალოვადიან ჭრილში განახლებადი ენერგიის მიმართულებით საკუთარი პოტრფელის 350 მეგავატამდე ზრდას გეგმავს. 

შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” ქონება 11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 6 ქარის ტურბინისგან (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH) შედგება, თითოეული ტურბინის სიმძლავრე 3.45-მეგავატია. 

ელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიღებული 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა. 2016 წლის 10 ნოემბრიდან შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში. 

სადგურის გამომუშავების წლიური საპროგნოზო მოცულობა 84 100 000 კვტ/სთ–ია. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულება $6.89 ცენტს შეადგენს. 

შესაბამისად, გამომუშავების აღნიშნული მოცულობის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად $5,795,000-ს, ანუ 10 წლის განმავლობაში $57,500,000-ს გადაუხდის.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა