მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებმა შესაძლოა დეკემბერში გადაიწიოს

5ee52c9701af3
BM.GE
13.06.20 23:38
1179
"ქართული ოცნების" დეპუტატის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია დამძიმდება, არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების გადავადების საკითხი დადგეს. მისი თქმით ამ შემთხვევაში არჩევნებმა შესაძლოა დეკემბერში გადაიწიოს. 

"შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარება, ანტისეპტიკების გამოყენება და ა.შ. შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია მარტივად იძლევა პასუხს, თუ ასეთი ვითარება დადგა და მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. თეორიულად ეს შესაძლებელია. თუ 21 ნოებრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი -ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს - არჩევნების ჩატარების თარიღი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

დღეს, COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. 

დღეისთვის ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 851-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 701-ს შეადგენს.

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამასთან თუ ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობაა, მაშინ არჩევნების თარიღი საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს 60-ე დღისა უნდა გაიმართოს.

"პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა,"- წერია კონსტიტუციის 37-ე მუხლში.