მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მისაღწევად მთავრობას და სებ-ს ბევრი მუშაობა მოუწევს

5da43cba54caf
თათია ჩაფიჩაძე
14.10.19 15:15
1507
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალისტურია, თუმცა ბიუჯეტში ჩადებული პარამეტრების შესასრულებლად მთავრობას და ეროვნულ ბანკს კოორდინირებული მუშაობა მოუწევს.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას კოვზანაძემ ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებები არ შევა.

„2020 წლის ბიუჯეტს აქვს კიდევ 3-თვიანი განხილვის ეტაპი. იცით, რომ ახლა დავიწყეთ და ჯერ კიდევ ყველა შენიშვნას ვიღებთ. ეს ეტაპი უნდა დავასრულოთ 18 ოქტომბერს შემაჯამებელი სხდომით. სამი განხილვა უნდა მოხდეს სესიებზე და დეკემბრის შუა პერიოდში უნდა მივიღოთ მთავარი ფინანსური დოკუმენტი.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში არის 800 მლნ-ზე მეტი დამატებითი რესურსი ჩადებული და ეს ხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. მე არ მინდა ეს ფრაზა უტრირებული გახდეს, მაგრამ მართლა არის აქ ის თანხები ჩადებული, რომელიც ხმარდება პენსიებს, ხელფასებს, ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის და ასევე მთელი რიგი თანხებია მიმართული კაპიტალური პროექტებისთვის,3 მლრდ 600 მლნ-ზე მეტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურ ზრდას მოხმარდება.

2019 წლისგან განსხვავებით, აქ უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა და მიმაჩნია, რომ სწორი ზრდაა, თუმცა ბევრი მუშაობა მოუწევს მთავრობას და ეროვნულ ბანკს ერთად იმისთვის, რომ ამ 5%-იან ზრდას მივაღწიოთ. ეს არის სწორად დაგემილი, ამიტომ ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით არის კარგად დაბალანსებული. სხვათაშორის ვალიც გვეზრდება, მაგრამ ამას ვაკონტროლებთ პარამეტრებით რომელიც არის დეფიციტი და მთლიანი ვალი მშპ-თან მიმართებაში, ეს ორივე ციფრი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული გვაქვს”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დამტკიცებამდე კიდევ შევიდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, კოვზანაძეს შემდეგი პასუხი აქვს:

„მთავრობამ შემოიტანა ერთიანი პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მინისტრებთან შეთანხმებულია; ბუნებრივია, იქ ყველა სამინისტროს მეტი თანხა უნდოდა, ზოგს ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა, ზოგს - ვერა. განხილვები იმიტომაა, რომ რაღაცეები ცხადია შეიცვლება, თუმცა რადიკალური ცვლილებები არ იქნება. იქნება კითხვები და ველოდები ადეკვატურ პასუხებს ფინანთა სამინისტროსგან”, - განაცხადა კოვზანაძემ.