მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას არ გამორიცხავს

627cedec3321c
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.22 15:41
803
2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ზე არის დაგეგმილი. დღეს გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება არაა გამორიცხული. ამასთანავე, კოვზანაძე ამბობს, რომ დეფიციტის კორექტირება პირველ რიგში ფინანსთა სამინისტროს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა.

“ეს, პირველ რიგში, არის ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ჩვენ ვმუშაობდით 2%-იანი დეფიციტის რეჟიმში. 2.1%-ის დეფიციტი გვქონდა 2019 წელს. 2020 წელს ეს გახდა 9.3% გახდა, რაც სერიოზული პრობლემების შემქმნელია.

როგორც ფინანსთა სამინისტრო ფიქრობს ზოგადად, ჯერჯერობით, ის გარკვეულ მონაცემებს ელოდება და ჩვენც ყველა ველოდებით, რა მდგომარეობა იქნება აპრილსა და მაისში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ინდიკატორები დავინახოთ.

წინასწარი მონაცემებისგან განსხვავებით, გვაქვს კიდევ სხვა მონაცემები. მაგალითად, დავინახეთ, რომ მიგრანტებმა ბოლო ორ თვეში 300 მილიონი ლარი დახარჯეს.

გადმორიცხვების შემცირებას ველოდით, მაგრამ რუსეთიდან გადმორიცხვები ისე არ შემცირდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მაგრამ უკრაინიდან შემცირდა.

ბევრი ფაქტორია, ველოდებით აპრილის და მაისის მონაცემებს. გარკვეული კორექტირებები შეიძლება იყოს ამ კუთხით. ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ბევრ თემას გადახედავს და შემდეგ იყოს საუბარი როგორც დეფიციტის შემცირებაზე, ასევე ხარჯებთან დაკავშირებით საუბარი,” - განაცხადა კოვზანაძემ.

ბიუჯეტის დეფიციტი პანდემიის პირველი ტალღის დროს გაიზარდა. 2019 წელს ის 2.1%-ზე იყო, 2020 ში კი უპრეცედენტოდ გაიზარდა და 9.3% გახდა. მატება მთავრობის მიერ ამ დროს აღებული $2-მილიარდიანი ვალით იყო გამოწვეული. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება დეფიციტი 3 წლის ვადაში 3%-მდე შეემცირებინა. 2021 წელს ბიუჯეტის 6.7%-მდე შემცირდა, 2022 წლის ბიუჯეტი კი 4.4%-ის დეფიციტზე დაიგეგმა.