მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას

5dd50f4ea9971
შოთა ტყეშელაშვილი
20.11.19 14:05
2327
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს ეროვნულ ბანკს “რეალობასთან დაბრუნებისკენ” მოუწოდებს. კოვზანაძის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც ინფლაცია მაღალი ტემპით იზრდება, სებ-მა მის შესამცირებლად გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას.

ამასთანავე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა, რის გამოც ქვეყანა მაღალი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა.

“ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ დღევანდელ დღესაც, რომ ინსტრუმენტები გამოყენებული იყოს დროულად. მათ შორის მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და სხვა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია იქნეს დათრგუნული და ლარის კურსი და ასევე როგორც გითხარით ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნული,”- ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს.

"2019 წლის ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს (5.4% იყო არსებული პროგნოზი). ჩვენ მოველით, რომ ინფლაცია წლის ბოლოს გაიზრდება, რის შემდეგაც ის შემცირდება იმის შესაბამისად, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.