მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და კონკურენციის ზრდა დადებით გავლენას მოახდენს ინფლაციაზე

6290fab8d7ac5
BM.GE
27.05.22 20:20
645
„ერთი მხრივ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მეორე მხრივ კონკურენციის გაზრდა, ბაზრების დივერსიფიცირება, მათ შორის ვგულისხმობ ისეთ ნაბიჯებს, რაც თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაიდგა, ინფლაციაზე დადებით გავლენას მოახდენს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სესიაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კუთხით კარგ სასტარტო პოზიციას განმტკიცება სჭირდება. კომიტეტის თავჯდომარემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა.

„ინფლაციაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას, ესენია მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ნედლეულის და ენერგომატარებლების ფასების ზრდა, რუსეთ-უკრაინის ომი და ლარის გაცვლითი კურსი. თუმცა ბოლო პერიოდია ლარი მყარდება და გარკვეულ პერიოდში, იგი აუცილებლად გადაეცემა ფასებს კლების მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, ფისკალური და მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დაასახელა. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს", -განაცხადა კოვზანაძემ და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეც გაამახვილა ყურადღება.

„უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არაა მარტივი თემა, მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თუმცა სკურპულოზური და ,,წერტილოვანი“ მუშაობით შესაძლებელია, რომ ეს გეოპოლიტიკური შოკი ჩვენ უცხოური ინვესტიციების გააქტიურების შესაძლებლობად ვაქციოთ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.