მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პირობებში ცხოვრება მოგვიწევს

5e8ae55c0c0ba
ნინი ლონგურაშვილი
06.04.20 12:21
1212
“მოგვიწევს მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პირობებში ცხოვრება და მუშაობა”, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტს დასჭირდება ცვლილება, რისთვისაც პარლამენტი უკვე მზად არის.

“რესურსი, რისგანაც აკუმულირდება 2 მლრდ ლარი, არის რამდენიმე წყარო - გარკვეული პროგრამების შემცირება და შეკვეცა; შეიკვეცება ყველა ის ხარჯი, რაც არ არის პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კრიზისთან, მოსახლეობის ჯანდაცვასთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან. ამ მიმართულებით მოხდება გადაჯგუფება ყველა იმ რესურსის, რომელიც სახელმწიფო თუ ნაერთ ბიუჯეტში დევს. უპირველეს ყოვლისა, საუბარი არის სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ჩვენ გვაქვს, ასევე, რესურსები, ეს არის დეპოზიტებზე არსებული ნაშთები, ჩვენ გვქონდა გარკვეული ბუფერები, როდესაც ბიუჯეტს ვგეგმავდით და ასევე, თუ საჭირო გახდება საგარეო დაფინანსება, რომლის მოზიდვაზეც მიდის მუშაობა. ამიტომ მოგვიწევს მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პირობებში ცხოვრება, მუშაობა და აქედან გამომდინარე, შეიკვეცება ყველა ის ხარჯი, რაც პირდაპირ თუ ირიბად არ უკავშირდება კრიზისის დაძლევას”, - აღნიშნა კოვზანაძემ და იქვე დასძინა, რომ 2 მლრდ არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს ვუპასუხოთ.

„ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ მუშაობა გაგრძელდება არამხოლოდ 2 მლრდ--ის მობილიზების, არამედ ამ თანხის გაზრდის კუთხითაც. ეს 2 მლრდ იყოფა ორ ნაწილად - პირველ რიგში, ეს არის პანდემიის პირობებში განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებები და მეორე, ასევე, პანდემიის შემდგომ ის ღონისძიებები, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება, რომ გარკვეული რისკები გადავაზღვიოთ, ბიზნესის წახალისება მოხდეს, ასევე, გარკვეულ პირებს სოციალური რისკები დაუზღვიოს და შემდეგ სტიმულირების ღონისძიებები განვახორციელოთ.

პირველი დარტყმა მიიღო სექტორმა, რომელიც არის დაკავშირებული მასპინძლობასთან, ანუ ტურიზმმა. აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ეს იყო გადასახადების გადავადება და ეს 100 მლნ ამ პროგრამაში შედის. ტურიზმთან დაკავშირებით, ასევე, არის მცირე კომპონენტი, 10 მლნ-იანი პროგრამა, ეს არის 50 ნომრამდე, ვისაც სასტუმრო აქვს, იქ ჩვენ 6 თვემდე პროცენტს ვუფინანსებთ; ასევ, არის ერთი კომპონენტი, რომელიც გამოცხადდა - 300 მლნ ლარით გავზრდით ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას, რომელიც მოგვცემს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების საშუალებას. ამას დაჭირდება ბიუჯეტში ცვლილება და ამისთვის პარლამენტი მზადაა. გეგმაშია, ასევე, კომპანიებისთვის დამატებით 600 მლნ-ის დღგ-ის დაბრუნება, ვინც ამას მოითხვს. კიდევ ერთი თემა, რომელიც ნაკლებად ხაზგასმულია არის ის, რომ ასევე, ხდება ავტოიმპორტიორებისათვის ავტომანქანის განბაჟებისათვის გადასახადის გადავადება, ეს პროგრამა ამ ნაწილში ითვალისწინებს, დაახლოებით, 50 მლნ ლარს” - განმარტა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მთავრობას, ჯერჯერობით, არ წარმოუდგენია.