მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ქვეყანაში IMF-ის ყოფნა ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანია

6206410a1e19c
თელარა გელანტია
11.02.22 15:44
825
როდის დაიწყება ან დაიწყება თუ არა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა და რა იქნება ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ამ პროგრამის პირობებში უნდა გაატაროს, ამ დრომდე უცნობია.

„ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსიები საქართველოს ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან IMF-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროგრამის თაობაზე, ამჟამად მოლაპარაკებები გრძელდება“, - ამბობს BMG-სთან ქვეყანაში IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი.

თემასთან დაკავშირებით მოკლე წერილობითი პასუხით შემოიფარგლა ფინანსთა სამინისტროც - „მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი სსფ-სთან დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, სადაც განიხილება 2021 წლის შედეგები და ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობები“.

IMF-ის ახალი პროგრამის დაწყების საკითხზე BM.ge პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესაც ესაუბრა. ირაკლი კოვზანაძემ პროგრამის დაწყების გაჭიანურების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა და ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკისკენ გადაგვამისამართა, თუმცა IMF-ის პროგრამის საჭიროება პირდაპირ დააფიქსირა.

„ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ქვეყანაში გვჭირდება სავალუტო ფონდის პროგრამა და ამას ვამბობ ცალსახად; იმიტომ კი არა, რომ დღეს მათგან ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება - ახლა ბიუჯეტში საკმაოდ კარგი სიტუაცია გვაქვს, ცენტრალურ ბანკსაც რეზერვების კარგი დონე აქვს, მაგრამ როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ქვეყანაში, მათთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებ და მათი რჩევები და რეკომენდაციები გჭირდება. მაგალითად, პარლამენტში ოპოზიციამ შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტარების წვდომას გარკვეულ საბანკო ინფორმაციაზე. ამ მხრივ, სსფ-ის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია და არა მარტო საფინანსო, არამედ სხვა კუთხითაც IMF-ის ქვეყანაში ყოფნა მნიშვნელოვანია, მათ შორის ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ამ რეგიონში და უნდა ითქვას, არამარტივ რეგიონში, როგორიც საქართველოა ინვესტირებისთვის მზადყოფნას აცხადებენ“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, სსფ-ის ახალ პროგრამაზე მუშაობა გრძელდება.

„მე ვიცი ერთი რამ - მუშაობა მიმდინარეობს ინსტიტუტებს შორის.. სხვათა შორის დარჩენილი იყო რამდენიმე საკითხი, იგივე სახელმწიფო კორპორაციების რეფორმირებასთან დაკავშირებით... სხვადასხვა თემა იყო დარჩენილი სამუშაო, რაზეც ვფიქრობ, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. ესაა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.