მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: "საბანკო რეგულაციების შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის"

5e70c3bc70103
ინგა მურუსიძე
17.03.20 16:16
927
„ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გარკვეულწილად შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პრინციპი უცვლელია: სესხი ტვირთად არ უნდა დააწვეს მსესხებელს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გამარტივებას.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა ჭარბვალიანობის ფაქტორის კვლავ გაძლიერებას არ გამოიწვევს. „წარმოდგენილი ცვლილებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპი არ იცვლება, თუმცა ხორციელდება გარკვეული შერბილება, წესები ხდება უფრო მოქნილი და ელასტიური, ხოლო საკრედიტო დაწესებულებებს ეძლევათ მეტი თავისუფლება დამოუკიდებლად შეაფასონ რისკები და თავად მიიღონ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა საბანკო რეგულაციების ამოქმედების მთავარი მიზანი. „ფიზიკური პირის დაკრედიტების, ანუ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიზანი არის საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და რისკების შემცირება მათ შორის, გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკების შემცირება. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპია - სესხის მომსახურეობამ მსესხებელს არ შეუქმნას ფინანსური სირთულეები, მსესხებელმა საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს სესხის მომსახურეობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს, საბანკო რეგულაციების გამარტივება დაანონსა. ცვლილებები ძალაში 15 აპრილიდან შევა.