მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გვჭირდება და ეს გასაკეთებელია

6161e36009c26
თელარა გელანტია
10.10.21 11:20
1199
„მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გვჭირდება და ეს გასაკეთებელია“, - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ Forbes Georgia-ს და bm.ge-ის მთავარი რედაქტორების გიორგი ისაკაძის და თელარა გელანტიას ახალ რუბრიკა - #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო კომპანიების რეფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მომავალის წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებთან ერთად, საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყებისას ყურადღებას მიაქცევს და „გარკვეული მოთხოვნები ექნება“.

თ.გ. სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საჭიროებას სავალუტო ფონდი ხშირად გვახსენებს - მათ შორის ეს საკითხი მოხვდა რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშიც, რომელიც საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს შეეხებოდა. მთავრობის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები ამ მხრივ იდგმება, მაგრამ თქვენ კმაყოფილი ხართ ტემპით?

- მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საპარტნიორო ფონდს ვხელმძღვანელობდი, მე ვიყავი სახელმწიფო საწარმოების პარტნიორი და მათ დეტალურად ვიცნობ; კვარტალში ერთხელ ვისმენდი ყველა ორგანიზაციის ანგარიშს - იქნებოდა ეს საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა თუ სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებში პოზიტიურად არის შეფასებული საჯარო ფინანსების რეფორმა - ხაზგასმულია გამჭვირვალობა, მაგრამ სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით, IMF ამბობს, რომ ბევრია გასაკეთებელი და ნაბიჯები გადადგმული არ არის. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გვჭირდება და ეს გასაკეთებელია.

თ.გ. ალბათ, პირველ რიგში, კვაზი საქმიანობები უნდა ჩამოვაშოროთ ან დავარქვათ სახელი... მაგალითად, ნავთობის და გაზის კროპრაციას მხოლოდ ბოლო 2 წელი 500 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა სოციალური გაზის ტარიფის სუბსიდირება, რაც კომპანიის მოგებიანობაზე აისახება...

- სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს. ამავე დროს როდესაც კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ამ ორგანიზაციებს - სახელმწიფო კომპანიებს აქვთ ე.წ. ბუსტერის უზარმაზარი როლი - დაუკვირდით, რას ვამბობ; გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა და ნავთობის და გაზის კორპორაცია არის უზარმაზარი სახალხო სიმდიდრე. ამ საწარმოებს რეფორმირება სჭირდება და ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სახალხო სიმდიდრე სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იყოს... სავალუტო ფონდს მსგავსი რეფორმების უზარამზარი გამოცდილება აქვს აღმოსავლეთ ევროპაში და შეუძლია ტექნიკურ მისიას გაწეროს, როგორ შეიძლება მოხდეს რეფორმირება...

გ.ი. ბატონო ირაკლი, კი დავუკვირდით რასაც ამბობთ, მაგრამ აქვე აღვნიშნოთ, რასაც საფინანსო ინსტიტუტი გვეუბნება - გარკვეულწილად დაიგვიანაო რეფორმამ...

- როგორც აღვნიშნე, სსფ წერს, რომ საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის მიმართულებით გვაქვს რეფორმები, მაგრამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გვჭირდება და ეს გასაკეთებელია...

თ.გ. ბევრი რამ გვჭირდება ბატონო ირაკლი, მაგრამ მთავარი ხომ პოლიტიკური ნებაა და როგორ ფიქრობთ, მთავრობა დღეს არის იმ მდგომარეობაში, რომ საჭირო, მაგრამ არც ისე პოპულარული რეფორმები გაატაროს?

- საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შეთანხმებისას, ჩემი წარმოდგენით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა იქნება და მთავრობა გუნდურ გადაწყვეტილება მიიღებს, ასე ვფიქრობ.