15.აპრილი .2019 12:10

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

views 841
უკან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია.

ამის შესახებ მან bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს, როდესაც აგარის შაქრის მუშაობა განახლდა, კომპანიამ განახორციელა სპეციალური პროგრამა, რომელიც ადგილობრივ დასაქმებულებთან მიმართებით, მის სოციალურ პასუხისმგებლობასაც უკავშირდებოდა და ეს მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.

“იყო პირობა, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე შეიცვლებოდა კონიუნქტურა შაქრის ფასებთან დაკავშირებით, კომპანია შეძლებდა უფრო მეტი რენტაბელობით მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა. საერთაშორისო ბაზარზე ფასები იგივეა, რაც კომპანიას არ აძლევს საშუალებას ეკონომიკურად ეფექტიანი იყოს. ამიტომ აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია დასაქმებულებთან და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ქარხანა არის კონსერვაციის რეჟიმში და თუ ბაზარზე შეიცვლება სიტუაცია, დასაქმებასთან დაკავშირებით პირველი შეთავაზება ადგილობრივებს ექნებათ“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ცნობისთვის: ამ დროისთვის აგარის ქარხანა გაჩერებულია.

ბოლოს ქარხანამ მუშაობა გასული წლის 1 ივნისს განაახლა. მაშინ ითქვა, რომ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, „აგარის შაქარსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ შეთანხმების დეტალებზე მაშინაც არავინ საუბრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ საწარმოს, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაუწესეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ "საქართველოს რკინიგზამ" "აგარის შაქარს" სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი გადაუანგარიშა და შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფი 1 ტონა ტვირთზე 3,58 აშშ დოლარამდე შეუმცირა.

„მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა“, - აცხადებდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2018 წლის ივნისში.

"მე მგონი, აგარის ქარხანამ დაიწყო მუშაობა. ეს არის მთავარი", - აცხადებდა ყოფილი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გასული წლის მაისში.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი პირები „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებდნენ, bm.ge-მ სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური წერილებით მიმართა.

ირკვევა, რომ “აგარის შაქარსა” და მთავრობას შორის არსებული შეთანხმების შესახებ მთავრობა ინფორმაციას არ ფლობს და უწყებებს, რომლებიც მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებად სახელდებოდნენ, ინფორმაცია არ მოეპოვებათ ან არ საუბრობენ.