მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ლექვინაძე საინვესტიციო გარემოსთვის მთავარ გამოწვევად პოლიტიკურ პროცესებს მიიჩნევს

5df74f739456e
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.19 13:43
1275

"მთავარ გამოწვევად მე მაინც შევაფასებდი პოლიტიკურ პროცესებს, რაც ახდენს გავლენას ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე", - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ BM.GE-ის განუცხადა.

ლექვინაძის შეფასებით, საინვესტიციო გარემოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია და ინვესტორებთან მეტი კომუნიკაცია იმისთვის, რომ რისკები იქნას შემცირებული.

„მთავარ გამოწვევად მე მაინც შევაფასებდი პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რაც ახდენს გავლენას ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და მნიშვნელოვანია ამ მოვლენების სტაბილიზაცია, უფრო მეტი ინტერაქაცია ინვესტორებთან, რომ ასეთი რისკები იქნას განეიტრალებული. საბოლოო ჯამში, საინვესტიციო აქტივობაზეა დამოკიდებული იგივე ეროვნული ვალუტის კურსიც და სხვა ბევრი შიდა ფაქტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში, უფრო მეტი სტაბილურობის განცდა უნდა შეუქმნას ინვესტორს. ამიტომ მთავარ გამოწვევად მივიჩნევთ რეგიონში არსებულ და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, მათ შორის წელსაც და მომავალ წელსაც“, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, გამოწვევების მიუხედავად საქართველო რეგიონში რჩება ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად ბიზნესის კეთების რეიტინგში.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ რეგიონში, სადაც ხშირად ხდება გარკვეული ცვლილებები და გარკვეული პოლიტიკური პროცესები, ის მაინც ინარჩუნებს ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყნის ფუნქციას და ეს მთლიანობაში აისახება იმ ინტერესში, რაც საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან არსებობს. ქვეყანა რჩება რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად ბიზნესის კეთების რეიტინგში; ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა; გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ბევრ ქვეყანასთან; არის მინიმალური ტრანზაქციული დანახარჯები და ეს მთლიანობაში ინვესტორების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ ზრდის“, - ამბობს ლექვინაძე.