მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი პეტრიაშვილი: „ჯორჯიან მანგანეზთან" საკმაოდ საინტერესო სოციალური პარტნიორობა განვითარდა

5f1c0fa015e03
BM.GE
25.07.20 15:30
1027
„დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობები გაუმჯობესდა, გარემოს დაცვის მიმართულებით კი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა", - ასე აფასებს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლის „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას, შვეიცარიული ორგანიზაცია - IndustriALL Global Union-ი, რომელიც 140 ქვეყანაში ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობის დარგებიდან 50 მილიონზე მეტ მუშაკს აერთიანებს.

შვეიცარიელების შეფასებას ეთანხმება და იზიარებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, IndustriALL Global Union-ის ეს შეფასება განაპირობა იმ გარემოებათა ერთობლობამ, რომელსაც პანდემიის პირობებში და მანამდეც, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობაში ჰქონდა ადგილი. ეს გამოიხატება იმაში, რომ სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით, დარგობრივ პროფკავშირებთან ერთად, ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა. საუბარია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ხელფასის შენარჩუნებაზე. მათ, ვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით, პამდემიის პირობებში სამსახურში არ უნდა ევლოთ, ხელფასი შეუნარჩუნდათ. ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობამ წარმოებას შეუნარჩუნა, დასაქმებულებზე გადანაწილდეს“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

მისი თქმით, დამსაქმებლისა და დასაქმებულების ურთიერთობაში არსებული პროგრესის მიუხედავად, არის რიგი საკითხები, რაც პროფკავშირებსა და დამსაქმებელს შორის მუდმივ და ყოველდღიურ კომუნიკაციას საჭიროებს.

პეტრიაშვილის განცხადებით, იყო დრო, როცა პროფკავშირები და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია, მუდმივად, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგა. თუმცა, მისი თქმით, ბოლო ერთი წელია, რაც ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვალა.
NS