30.ივლისი .2020 15:49

ირაკლი ქარსელაძე რაჭაში სტიქიის შედეგებს აფასებს - 'ზარალი დიდი იქნება"

views 210
უკან

2 კმ-ზე მეტია გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სრული ფრონტით სამუშაოების წარმართვას. ამ ეტაპზე, 15 ლოკაციიდან 10-ზე მიმდინარეობს სამუშაო, სადაც ფიზიკურად მისვლა შესაძლებელია და დაახლოებით 20 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„გუშინდელი დღე კარგად გამოვიყენეთ და ორ მონაკვეთზე შემოვლითი გზა მოეწყო, რამაც შემდეგ მონაკვეთებზე გადასვლის საშუალება მოგვცა. შემოვლითი გზების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობს ნაპირდაცვითი სამუშაოები, ხიდებთან მისასვლელების და ვაკისების მოწყობა, რათა ყველაზე გამომწვევ 127-ე კილომეტრზე მოძრაობა განვლადი გავხადოთ. საბედნიეროდ, დღეს ამინდიც ხელს გვიწყობს, რაც ჩვენს გეგმას ეფექტიანს ხდის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, ჯერ შეუძლებელია რიცხვებზე საუბარი, თუმცა ზარალი დიდი იქნება.

„შტაბმა გუშინვე დასახა გეგმები ყველა მიმართულებით, ესაა მოსახლეობის ევაკუაცია, სურსათით თუ წამლებით მომარაგება. მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივი თვითმმართველობა, გუშინ 7 რეისი გააკეთეს ვერტმფრენებმა და დღესაც დეტალურად დავათვალიერეთ ყველა ადგილი, სადაც ჯერ ფიზიკურად მისვლას ვერ ვახერხებთ. ამ მხრივ შტაბი გამართულად მუშაობს,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრიორიტეტული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაიწერება კონკრეტული გეგმა, დაზიანებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.