მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ზარქუა - ნათია თურნავას: თქვენ და თქვენს მოადგილეებს არ მოგასვენებთ

5fe06bcb26f72
ინგა მურუსიძე
21.12.20 13:35
2383
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის - „100 საინვესტიციო შეთავაზება პროექტს“ ფარგლებში, 124 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია "ძალიან ცოტაა".

დეპუტატის თქმით, "თავდაპირველად, პროექტი ძალიან იმედიანად გამოიყურებოდა და ახლაც ასე გამოიყურება, თუმცა ყველა სახელმწიფო ორგანო ამ საკითხში მეტად უნდა ჩაერთოს". 

„თქვენ ისაუბრეთ პროექტზე - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ და იქიდან შემოსავალი 124 მლნ ლარია. ეს ძალიან ცოტაა, ეს არის 45 მლნ დოლარი; როცა პროექტი გამოაცხადეთ, ძალიან იმედიანად ვიყავი და ახლაც ასე ვარ, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი ჩართულობა მართებს ყველა სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის პარლამენტს, რომ თითოეული ინვესტიცია შემოვიდეს და გზაში არ დაიკარგოს. ბიუროკრატიის კუთხით არის გარკვეული ხარვეზები, დაგვიანებები და ეს უნდა აღმოიფხვრას. მე ვიქნები ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან კომუნიკაცია დაამყაროს და მაქსიმალურად ეფექტიანად, ახლაც ეფექტიანია, მაგრამ უფრო გავაძლიეროთ. კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს. წინასწარ მომიტევეთ“, - მიმართა ზარქუამ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს.

გარდა ამისა, ზარქუამ თურნავას კიდევ რამდენიმე კითხვით მიმართა, რომლებიც ეხებოდა ეკონომიკურ ატაშეებს, ტექდათვალიერებას, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას და პროგრამას „აწარმოე საქართველოში“:

„მაინტერესებს, რამდენად იყენებთ ეკონომიკური დესპანის პოზიციას? უკვე ჩაეშვა ეს პროექტი? იმედია, ამ პოზიციებზე ის ადამიანები იქნებიან, ვინც ორიენტირებული იქნება პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებზე.

ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესის შედეგის სურვილს ტოვებს, ახლაც რომ წავიდეთ, ვნახავთ ადგილს, სადაც ე.წ. "ტეხასმოტრს" აძლევენ, თუმცა მანქანა კვლავ აბინძურებს ჰაერს. ქირავდება მოწყობილობები. ვფიქრობ, პროგრამა ხარვეზიანია. არის ადამინების ჯგუფები, რომლებიც აქირავებენ მანქანების ნაწილებს, გადიან ტექდათვალიერებას და კვლავ უბრუნებენ გამქირავებელს. ამ მხრივ, არის ხარვეზები და იქნებ მივაქიოთ ყურადღება.

სახელმწიფო საწარმოები არის ე.წ. აქილევსის ქუსლი; გვაქვს საწარმოები, რომლებიც სჯობს გავყიდოთ ან რაღაცა მოვიფიქროთ. შეუძლებელია წლიდან წალმდე ამაზე ვსაუბრობდეთ. დროა მოვიშოროთ და თუ საჭიროა, გავაკოტროთ.

„აწარმოე საქართველოში“ ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ არ მიდის რეგიონებში მოსახლეობამდე, ვიქნები რიგითი თანაშემწე, რომ მივიდეს ეს პროგრამა ყველა მოქალაქემდე; ვცადოთ, მივიდეთ“, - მიმართა თურნავას ზარქუამ.

გარდა ამისა, დეპუტატი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილისგან დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით და როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი. მან მაია ცქიტიშვილს შეახსენა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წელს მთავრობის დაპირება იყო და კონსტიტუციაშიც წერია. 

ინფორმაციისთვის: მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები პარლამენტში, 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობენ.