05.მარტი .2020 12:51

ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანეს

views 414
უკან

საქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანა და ისინი საკარანტინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობამ შესაბამის ქვეყნებთან გამართული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო რჩებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პროტოკოლის დაცვით, შესაბამისი ტრანსპორტით საქართველოში ჩამოიყვანა, " - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაყვანილ იქნენ საკარანტინე დაწესებულებაში.