მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაუგებარია, ადამიანი საყოველთაო პროგრამიდან თუ ამოვარდა უკან, როგორ ბრუნდება“

637fa8846ea78
ალა ისპირიანი
24.11.22 19:30
614
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და ის მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს აღარ უფინანსებს VIP მომსახურებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც კლინიკისგან განსაკუთრებული მომსახურების მიღება ენდომება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გავა და ამ მომსახურების საფასურს თვითონ ან თუ დაზღვეულია, კერძო სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.

სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევის პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლება აქვთ, ამ შესაძლებლობით თითქმის არ სარგებლობენ, რადგან საუბარია მოწყვლად ჯგუფებზე. იმისთვის, რომ გაიზარდოს კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი ერთ-ერთ ვერსიად „ჯანდაცვის ასოციაცია“ სახელმწიფოს სთავაზობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაბალი პაკეტით სარგებლობენ, მიეცეთ შესაძლებლობა, დამატებით კერძო დაზღვევა შეიძინონ, რომელიც მათი თქმით არ იქნება ძვირი, რადგან სრულფასოვან პაკეტს არ მოიცავს, თუმცა ადამიანთა ამ კატეგორიას მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები გაიუმჯობესონ.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ ამბობს, რომ მათთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლისა და უკან დაბრუნების პროცედურები გაუგებარია და დაზუსტებას საჭიროებას.

მისივე თქმით, არასწორია, როცა DRG-ის მოდელი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაზე ვრცელდება.

„DRG კარგი თემაა, მაგრამ როგორც ყველა სტანდარტიზებული სისტემა რისკები ახლავს. მაგალითად, ჩვენთვის გაუგებარია ადამიანი საყოველთაო პროგრამიდან თუ ამოვარდა უკან, როგორ ბრუნდება. რა პროცესები უნდა გაიაროს. ასევე, როგორც მე მესმის DRG-ის მოდელი საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაზე ვრცელდება, ვფიქრობ ეს არასწორია და ყველა მომსახურებაზე უნდა გავრცელდეს, რომელიც გაიწევა“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.