მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა საქართველოს გზით - ანგარიში

5f1429b3dcc4a
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.20 15:01
2093
აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის ფედერაციისა და ირანის მიმართ მრავალმხრივი სანქციები არის დაწესებული. შეზღუდვები ვრცელდება როგორც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე ათეულ პირზე ასევე იმ ადამიანებსა და კომპანიებზე, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ომისა და ყირიმის ანექსირების პროცესში არიან ჩართული. ასევე მოქმედია მაგნიცკის აქტით განსაზღვრული ეკონომიკური სანქციებიც. ირანთან მიმართებით კი ეკონომიკური სანქციები როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის, ასევე ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2019 წლის ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ იმ 128 საქმიდან, სადაც სამსახურმა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევა გამოავლინა 7 საქმე ტერორიზმის დაფინანსებას ეხებოდა. სამსახურის ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი შემთხვევების ნაწილი საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობებს წარმოადგენდა.

“საანგარიშო წლის მანძილზე სამსახურის მიერ გამოვლენილ საქმეთა უმნიშვნელო ნაწილი ეხებოდა საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით ირანისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების შესაძლო თავის არიდების მცდელობას მესამე ქვეყნებში დაფუძნებულ კომპანიებთან განხორციელებული ტრანზაქციების საშუალებით,”- ნათქვამია სამსახურის ანგარიშში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრების მაღალ რისკებს შეიცავენ ის იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ და რომელთაც უცხოური კომპანიები დიდძალი თანხების გადარიცხვისთვის იყენებენ.

“2019 წლის განმავლობაში კვლავ მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, თუმცა, საქართველოსთან რეალური ბინზეს კავშირის არმქონე კომპანიების (მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების) ანგარიშების გამოყენება ფულადი სახსრების მიმოქცევისათვის - ხორციელდებოდა ჩარიცხვები და შემდგომი გადარიცხვები მესამე ქვეყნებში, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი კომპანიების ბრუნვა რამდენიმე მილიონი ლარის ეკვივალენტს აღწევდა. მსგავს სქემებს ახასიათებთ როგორც ჩამრიცხავების, ისე თანხის შემდგომი მიმღებების დიდი რაოდენობა, გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ტრანზაქციის დანიშნულების ზოგადი ხასიათი („საკონსულტაციო მომსახურებისთვის“, „მარკეტინგული მომსახურება“ და სხვ.), აგრეთვე, ტრანზაქციათა სქემაში რადიკალურად განსხვავებული სახეობების ბიზნესების არსებობა და ა.შ,”- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ჯამურ რაოდენობას, ის 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა. წლების მიხედვით, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ასეთია:

2016 წელი - 118 შემთხვევა;
2017 წელი - 148 შემთხვევა;
2018 წელი - 137 შემთხვევა;
2019 წელი - 128 შემთხვევა.

დოკუმენტის თანახმად, საეჭვო ფულად ნაკადებთან დაკავშირებით სამსახურის ინფორმაციის ძირითადი წყარო კომერციული ბანკები არიან, რომლებმაც გასულ წელს 685 საეჭვო ტრანზაქციაზე გააკეთეს შეტყობინება. მისო-ების მიერ 115 შეტყობინება, ხოლო აზარტული თამაშების კომპანიების მხრიდან კი 304 საეჭვო ტრანზაქციაზე იყო სამსახურში შეტყობინება შესული.