მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანში "უკრაინის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნას ყველა მგზავრი ემსხვერპლა

5e156c0f9913a
შოთა ტყეშელაშვილი
08.01.20 09:41
1577
თეირანის იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, "უკრაინის ავიახაზების" კუთვნილი ხომალდი ჩამოვარდა. შემთხვევა 8 იანვარს, ირანის დროით 06:22 წუთზე მოხდა.

ირანის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბორტზე სხვადასხვა ვერსიით 167-დან 180-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოებისთვის 4 ვერტმფრენი და სამედიცინო დახმარების 22 მანქანა გაგზავნეს.

Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავი უკრაინაში, კიევის ბორისპოლის აეროპორტისკენ მიემართებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართავობა სახელდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, უკრაინის ავიახაზებმა 2016 წელს შეიძინა.

რამდენიმე საათის წინ, ირანმა, ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ბაზების მიმართულებით 6-დან 10 რაკეტამდე ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროთა შორის დაშავებულები არ არიან.