მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივი აირის ფასები გაზის ბირჟის მეშვეობით დადგინდება

6135d739eb070
BM.GE
06.09.21 16:12
1167
საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, რაც როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის ბაზრების კონკურენციისთვის გახსნას გულიხსმობს.

უკვე არსებობს ელექტროენერგეტიკული ბირჟა, რომელმაც საქმიანობა, ანუ საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრა 2022 წლიდან უნდა დაიწყოს.

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, მსგავსი ბირჟის შექმნა იგეგმება ბუნებრივი აირის ბაზრისთვისაც. ამ ბირჟის დაფუძნების ვალდებულება მთავრობის ადმინისტრაციამ “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” და “გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” დააკისრა, რომლებმაც 6 კვირის ვადაში უნდა დააფუძნონ ერთობლივი საწარმო, რომელიც შემდგომში ბუნებრივი აირის ბირჟის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზის საბითუმო ბაზარზე ბირჟის შექმნის მიზანი ბაზრის მონაწილეებისთვის არადისკრიმინაციული და თანასწორი პირობებით ვაჭრობის შესაძლებლობის მიცემაა.

დადგენილების თანახმად, საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან:

ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი;
ბ) ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი;
გ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;
დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი;
ე) ბუნებრივი გაზის მწარმოებელი;
ვ) ტრეიდერი;
ზ) ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი;
თ) მსხვილი მომხმარებელი;
ი) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი;
კ) საჯარო მომსახურების განმახორციელებელი პირები, ასეთი ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში.

“ბაზრის სამიზნე მოდელი, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს გარდამავალ პერიოდში, გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, სამიზნე მოდელი არ გამორიცხავს შეზღუდული ვადით საჯარო მომსახურების ვალდებულების განსაზღვრას, დაკისრებასა და განხორციელებას, საერთო ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

BMG-იმ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას მიმართა კითხვით, თუ როდის იგეგმება “გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან” ერთობლივი კომპანიის დაფუძნება, რომელმაც ბირჟის შექმნა უნდა უზრუნველყოს.