06.დეკემბერი .2019 20:31

ირინა მილორავა: ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა სახიფათოა

views 474
უკან

საქართველოში ახლად დაფუძნებული ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის ირინა მილორავას აზრით, ეს ახალი სავაჭრო პლატფორმა გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების შექმნას დაუდებს საფუძველს, რამაც ენერგოსისტემაში დღეს არსებულ გამოწვევებს გარკვეულწილად უნდა უპასუხოს.

"ბუნებრივია თავისთავად ის, რომ ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, ეს არის სახიფათო და ქვეყნისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კარგი არ არის და შემიძლია, ეს რეფორმა და ენერგეტიკული ბირჟის ჩამოყალიბება განვიხილო როგორც ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით გამჭვირვალე სისტემას, ვთავაზობთ ამ გამჭვირვალე სისტემას გენერაციის ობიექტებს, გენერაციის ინვესტორებს და ისინი უნდა შევიდნენ კონკურენციაში იმპორტიორთან, მათთვის ელექტროენერგიის გასაღების ძალიან გამჭვირვალე, გასაგები პლატფორმის არსებობის პირობებში.

მე მგონი, აღარ დარჩა არავინ, ვინც არ თანხმდება იმაზე, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა უნდა შემცირდეს. ეს არის ცალსახა. მომავალში ველოდებით იმპორტის შემცირებას იმიტომ, რომ ახალი თბოსადგური შევა ექსპლუატაციაში, თუმცა ესეც იმპორტირებულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული, ამიტომ საბოლოო ჯამში, გენერაციის ობიექტებს, ჰიდროგენერაციას ვგულისხმობ და ასევე, სხვა განახლებადი ენერგიების წყაროებს, ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გენერაციის ობიექტები ამ ქვეყანაში განვითარდეს", - განაცხადა ირინა მილორავამ BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 1 215.8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 061.9 მლნ კვტ.სთ. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან განხორცილდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა