მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირინა მილორავა, რეფორმების ეტაპზე, ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენას ემხრობა

5d7df56a45e5a
დავით ჯალაღონია
15.09.19 12:35
1609
სემეკ-ის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) თავმჯდომარე ირინა მილორავა, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილება 16 სექტემბერს ეწურება, ენერგეტიკის სექტორში გასატარებელი რეფორმების ეტაპზე დარგის პროფილური სამინისტროს აღდგენას მიესალმება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

"ზოგადად, ახალ მოდელზე, რომელზეც ჩვენ გადავდივართ, ძლიერი მარეგულირებელი, ჩემი აზრით, შეიძლება საკმარისი იყოს დარგის სწორი განვითარებისთვის. პრინციპში, დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი მარეგულირებლის პირობებში ეს მიზანი მიიღწევა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ რეფორმების ეტაპზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება აღმასრულებელ ხელისულებას - ვგულისხმობ იმას, რომ ჯერჯერობით კანონი არის პარლამენტში გასატანი, ამაზე იქნება ძალიან სერიოზული დისკუსიები, შეიძლება არცთუ მარტივი დისკუსიები, ასევე შესამუშავებელია ბაზრის კონცეფცია, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ, გარდამავალ ეტაპზე მივესალმები ენერგეტიკის სამინისტროს არსებობას", - განაცხადა ირინა მილორავამ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილობით მიმართა. დეპუტატის ამ მოსაზრებას თბილისის მერი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძეც იზიარებს.

ცნობისთვის: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს, მთავრობის სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში გაუქმდა. მის ფუნქციებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითავსებს.