10.სექტემბერი .2019 11:38

ირინა მილორავა სემეკ-ში საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს

views 527
უკან

ირინა მილორავა სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას 16 სექტემბერს დაასრულებს. როგორც მან დღეს მისი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა, იგი სემეკ-ში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.

"ჩემს გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ კომისიაში საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებ და ბოლოს, ყველაზე მთავარი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიის მონაწილეობა და მინდა, მედიის ყველა წარმომადგენელს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალიან იბიექტური და საინტერესო თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ 6 წლის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა და ეს ურთიერთობა გაგრძელდება მომავალშიც. ჩემი უფლებამოსილების ვადა იწურება 16 სექტემბერს", - განაცხადა ირინა მილორავამ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა სემეკ-ის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა, მილორავამ განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"არ ვიცი ნამდვილად ვის წარადგენს კანდიდატურად საქართველოს მთავრობა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მინდა წარმატებები ვუსურვო. მას უწევს არაჩვეულებრივ გუნდთან მუშაობა და ძალიან საინტერესო პერიოდში მოუწევს მუშაობა, იმიტომ რომ რეფორმების თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი ენერგეტიკაში და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებს", - აღნიშნა მან.

კანონის თანახმად, სემეკ-ის მომავალი თავმჯდომარის თანამდებობა მარეგულირებელი კომისიის მოქმედმა წევრმა უნდა დაიკავოს.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის წარმოადგენს მთავრობა პრეზედენტთან შეთანხმებულ კანდიდატს. ასევე უცნობია, ახალი თავმჯდომარის დამტკიცებამდე ვინ შეასრულებს მის მოვალეობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა