მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირმა დაუშვილი: ნუნისში 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის გეგმაზე ვმუშაობთ

6212042ed5608
თამთა ჯიჯავაძე
20.02.22 15:15
1829
„ნუნისის ტყის სასტუმროს“ დამფუძნებლები კურორტზე 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის გეგმაზე მუშაობენ. როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში კურორტის თანადამფუძნებელმა, ირმა დაუშვილმა განაცხადა, გაჩნდა ნუნისამდე მისასვლელი გზის გაკეთების პერსპექტივა, ამიტომაც კურორტის განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი.

„დასრულების ეტაპზე ვართ, რის შემდეგაც თამამად შევძლებთ, რომ ის ინვესტორებს შევთავაზოთ. გეგმა მოიცავს სამკურნალო და სასტუმრო მიმართულებებს. აშენდა დასასვენებელი კომპლექსი ყველა იმ თანამედროვე აღჭურვილობით, რაც დღეს ევროპაშია. დამსვენებელი მიიღებს კვალიფიციურ ექიმთა კონსულტაციას და თან კომფორტულ ნომრებში დასვენებას შეძლებს“, - ამბობს ირმა დაუშვილი.

მისივე თქმით, საუბარია 4-5 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე. გეგმა მოიცავს ორეტაპიან განვითარებას. კერძოდ, თავიდან 60 ნომრის დამატებას და შემდგომ ეტაპზე კიდევ 60 ნომრის დამატებას.

„მოვიაზრებთ უკვე ინვესტორებს, რომლებთანაც ვაპირებთ ამაზე საუბარს. აქამდე ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვინაიდან კურორტი, სადაც არც გზაა, არც ინტერნეტი, ელექტროენერგია და გაზიფიკაცია, იქ ინვესტორი არ მოვა“, - დასძინა მან.

ირმა დაუშვილმა კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემები რომ მოგვარებულიყო, ამ დრომდე კიდევ უფრო განავითარებდნენ კურორტს.

„ჩვენი სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ საბაგიროთია შესაძლებელი. შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო. არ არის დიდი კომპლექსი, მხოლოდ ხუთი კოტეჯი და შვიდი სასტუმრო ნომერია. თუმცა ჩვენ ირგვლივაც გაჩნდა პატარ-პატარა ჰოსტელები. კურორტი კიდევ უფრო განვითარდებოდა, ინფრასტრუქტურა რომ ყოფილიყო მოწესრიგებული – თუნდაც გზა, რომლის გაკეთებასაც 2006 წლიდან გვპირდებიან. ჩვენ კი ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ბევრი რამის მოგვარება, მაგალითად, ავაშენეთ მინი-ჰესი და ა.შ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ჩემი ბოლო საუბარი 2020 წლის ბოლოს შედგა, გამოცხადებული ტენდერით გზა უნდა დასრულებულიყო 2021 წლის ნოემბერში, მაგრამ დაწყებულიც კი არ არის თითქმის. თუმცა გვპირდებიან, რომ იქნება. გზა რომ გაკეთებული იყოს, თბილისიდან დაახლოებით 1 საათსა და 50 წუთში ნუნისში შეძლებდით ჩასვლას“, - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, Nunisi Forest Hotel and Spa - სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. იგი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში.

კურორტის ძირითადი ვიზიტორები ადგილობრივი ტურისტები არიან, თუმცა როგორც ირმა დაუშვილი ამბობს, ყოველ წელს უცხოელი დამსვენებლის რაოდენობაც მატულობდა, განსაკუთრებით – პანდემიამდე.

„ზოგადად ის, ვინც იცის ნუნისის წყლის სამკურნალო ეფექტი, ყოველთვის ცდილობს ჩამოსვლას. ნუნისის წყალი უნიკალურია ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, ალერგიების, ატოპიური დერმატიტისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომაც დამსვენებლების დაახლოებით 40% სამკურნალო მიზნით ჩამოდის, დანარჩენი 60% კი, უბრალოდ, დასასვენებლად“, - ამბობს კურორტის თანადამფუძნებელი.