მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის, რაც პარლამენტშია, შეიძლება შეიცვალოს“ - გახარია შრომის კანონმდებლობაზე

5eeb3861776df
ინგა მურუსიძე
18.06.20 14:00
1238

შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ უნდა ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

BMG-მ პრემიერს მისი ძველი განცხადება შეახსენა, როცა თქვა, რომ ბიზნესს სადარდებელი არაფერი ჰქონდა, ვინაიდან შრომის კანონმდებლობა ჯერ პარლამენტში არ იყო შესული.

კანონმდებლობა უკვე პარლამენტშია და კომიტეტმა უკვე განიხილა კიდეც. რა გამოდის, ერთის მხრივ, ვეხმარებით ბიზნესს სუბსიდირებით და ა.შ. მეორე მხრივ ხელს ვუშლით მუშაობაში? - კითხა BM.GE-მ პრემიერს.

„ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს და როგორც ჩვენ, ისე ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, უნდა ხდიდეს უფრო მდგრადს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა, რაც პარლამენტშია, იმის შეცვლა შესაძლებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ,  დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებული შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვები პარლამენტში განახლდა. დოკუმენტის შინაარსი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა კვლავ ძალაშია მთელი რიგი შეზღუდვები, რის გამოც კანონპროექტი ერთი წლის შემდეგაც ბიზნესისგან კრიტიკას იმსახურებს.

დოკუმენტის მიხედვით, ნორმირებული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში არის 40 საათი. ზეგანაკვეთური შრომა კი შესაბამისი ფორმულით უნდა ანაზღაურდეს და ზეგანაკვეთური საათების გასამრჯელო ნორმირებული სამუშაოსთვის გადახდილი თანხის მინიმუმ 125%-ს უნდა შეადგენდეს.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის ბიზნეს ავალდებულებს ელექტრონული ფორმით სამუშაო დროის, მათ შორის ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვას, ადგენს ასევე სტაჟირების ვადას.

ამ და კანონპროექტით გათვალიწინებული მოთხოვნების აღსრულება შრომის ინსპექციამ გაფართოვებული მანდატით უნდა უზრუნველყოს, კერძოდ შრომის ინსპექცია დამოუკიდებელ სსპ-ად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც უფლება ექნება ნებისმიერ დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შევიდეს კომპანიაში და შრომითი ურთიერთობები შეამოწმოს. დამსაქმებლებს სწორედ შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია.