მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რაც "500 Georgia"-ს შესახებ უნდა იცოდეთ

5ef3462be7f3a
ჯემალ მაღლაფერიძე
24.06.20 16:20
2086
დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკა "წითელ ოკეანეს" ჰგავს, რომელშიც უამრავი მსხვილი და გამოცდილი მოთამაშე საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გამყარებისათვის იბრძვის. სწორედ ამ ბრძოლით გაწითლებულ ოკეანეში უწევს უამრავ ახალ თუ უკვე გამოცდილ ანტრეპრენიორს შექმნას საკუთარი ლურჯი ოკეანე, რომელიც დიდ მოთამაშეებს მხედველობიდან გამორჩათ ან მათმა მოუქნელობამ განაპირობა, რომ ვერ დააკმაყოფილეს მომხმარებლის არსებული საჭიროებები.

წარმატებული სტარტაპის გაკეთებისათვის საჭიროა გქონდეს ხედვა და შეგეძლოს დაინახო ბაზარზე არსებული ე.წ. "გეფი", რათა ზუსტად დააკმაყოფილო მომხმარებლის საჭიროება, მაგრამ დღეს მხოლოდ ეს უნარები საკმარისი აღარ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ ერაში და სისწრაფე ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა წარმატებისათვის. თუ ხვალ გააკეთებ, დღეს სხვა დაგასწრებს.

დღესდღეობით საქართველოში უამრავი დამწყები სტარტაპი და კიდევ უფრო მეტი ბიზნეს იდეაა, რომელიც განვითარების შესაძლებლობის ძიებაშია. ამ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 21 თებერვალს "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ქართულ ბაზარზე შემოვიდა მსოფლიო ბაზრის ტოპ აქსელერატორი "500 Startups". სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და "500 startups"-ია ჩართული, 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა კი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

"მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც ქართველ სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან", - ამბობს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

"500 Startups" არის კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და ის უფრო მეტად სტარტაპებისათვის ინვესტიციების მოზიდვის აქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო აერთიანებს ისეთ 18 კომპანიას, რომლის ღირებულებაც მილიარდს დოლარს აჭარბებს და 80 კომანიას, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. ამ სიაში შემავალი ბრენდების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab.

აქსელერაციის პროგრამაში ჩართულ კომპანიებს ინტენსიური და დისტანციური ტრენინგების გავლა მოუწევთ. აქსელერაციის მთავარი მიზანი არის სტარტაპის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და ეს პროცესი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
1. ცოდნის გადაცემა
2. გამოცდილების გაზიარება
3. ინვესტორებთან დაკავშირება

"500 Georgia" აქსელერაციის პროგრამაში უკვე ჩაერთო 9 ქართული და 6 უცხოური კომპანია, დეტალური სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: Nextsale; Mandarin Solutions; Cargon; CARU; FINMAP; CARDEAL; Phubber; Intrro; Stack; Raccoon.World; LiveCaller; WeGoTrip; Tripcars; Echolize ; Lightspeed.

"500 Georgia"-ს შესახებ ტექნოპარკისგან გავიგე და პროგრამაში მონაწილეობისათვის შევავსე განაცხადი. მეორე ეტაპზე, გასაუბრების გავლის შემდეგ დამიკავშირდნენ და ასე ჩაერთო CARU აქსელერაციის პროგრამაში. "საქართველოს ბანკის", ტექნოპარკისა თუ ზოგადად კერძო სექტორის ჩართულობა სტარტაპების განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა სტარტაპის ცხოვრებში დგება დღე, როდესაც შემდგომი განვითარებისათვის სჭიროა დამატებითი რესურსები. პირველ რიგში, ჩვენი კომპანიისთვის, ვფიქრობ, რომ აქსელერაციის პროგრამა არის შესაძლებლობა გავიდეთ უცხოურ ბაზრებზე, ხოლო გამოცდილება რომელსაც მივიღებთ დაგვეხმარება მარტივად გადავჭრათ ჩვენს ბიზნესში არსებული გამოწვევები", - ამბობს CARU-ს დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე.

"500 Startups"-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის მიზანი მხოლოდ ახალგაზრდა ანტრეპრენიორების დახმარება არაა, ის ამავდროულად ხელს შეუწყობს სრულიად ახალი, ინოვაციური ეკოსისტების განვითარებას საქართველოში და გააჩენს ახალ სტიმულს ადამაინებში, რომ იფიქრონ ახალ ბიზნეს იდეებზე.

ასე რომ, ახალგაზრდა ანტრეპრენიორებს ისღა დაგვრჩენია ვიჩქაროთ, და ჩვენი იდეები ვაქციოთ ბიზნესად, ხოლო უკვე შერჩეულ სტარტაპებს წარმატება ვუსურვოთ შრომატევად მარათონში.