მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ისედაც ძალიან რთული იყო რეგიონში ინვესტორების მოზიდვა და ახლა კიდევ უფრო გართულდება" - Phubber

60ed9e43740b1
სალომე მეცხვარიშვილი
13.07.21 19:54
975
ქართული სტარტაპის Phubber-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. როგორც ის “საქმის კურსთან” ამბობს, 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საერთაშორისო მედიამაც გააშუქა, აუცილებლად იქონიებს უარყოფით გავლენას საინვესტიციო გარემოზე.

“ისედაც ძალიან რთული იყო რეგიონში ინვესტორების მოზიდვა და ახლა კიდევ უფრო გართულდება.

როგორც იცით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი არის აშშ-დან და ამ მოვლენების განვითარებიდან მეორე დღესვე, მივიღეთ წერილი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში.

“ფაბერი” არის მისი ერთ-ერთი და არა ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, მაგრამ ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა და თუ ჩემს ინვესტორამდე მივიდა, რომელიც არის რიგითი ენჯელ ინვესტორი, მაშინ მივიდოდა ყველამდე”, - აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.

მისივე შეფასებით, 2020 წელი ძალიან მძიმე იყო ბიზნესისთვის და მიმდინარე წლიდან ყველა კონცენტრირდა, რომ ეკონომიკის გახსნის პარალალეურად გააქტიურებულიყო, აღედგინა ძალები ან მოეზიდა ახალი ინვესტორები. ჩუგოშვილი ამბობს, რომ საქართველო ისედაც მაღალრისკიანი ქვეყანაა ინვესტორებისთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, არასტაბილური პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი უცხოურ ბიზნესებს კიდევ უფრო დააფრთხობს.

“ამას ემატება პოლიტიკური რისკები და იმის აღქმა, რომ ეს ქვეყანა არ არის დემოკრატიული, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ხოლო იქ, სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები, როგორც წესი განვითარებული ქვეყნის ინვესტორები თანხებს არ აბანდებენ, ურჩევნიათ, რომ უსაფრთხო გარემოში დააბანდონ საკუთარი ფული”, - აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber-ი ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის ონლაინ აპლიკაციაა. ქართული სტარტაპის ერთ-ერთი ინვესტორი WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი და მეწილეა. საქართველოს ბაზრის შემდეგ ქართული პლატფორმა უკრაინაში გაფართოებაზე მუშაობს.