მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET: ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ფიქსირდება

56e95459d8fa9
BM.GE
16.03.16 16:38
1354
ბიზნესის მოლოდინების იდექსი 16 ქულით გაუმჯობესდა, - აღნიშნულის შესახებ ISET-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ბიზნესის ნდობის ინდექსის 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს მოიცავს.
 
"ბიზნესისი განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, სკალაზე 11-დან 14-მდე გაიზარდა. ფიქსირდება მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ბიზნესის მოლოდინების ინდექსში და მან 38 პუნქტი შეადგინა, რაც 2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 16 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია", - ნათქვამია კვლევაში, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნეს სექტორის ენთუზიაზმი შესაძლოა გამოწვეული იყოს, ბიზნესზე ორიენტირებული ბოლოდროინდელი რეფორმებით.

"მოგების გადასახადის დაბეგვრის რეჟიმის ცვლილება ესტონური მოდელის მიხედვით, ძირითადი საშუალების იმპორტზე დღგ-ის გადასახადის ვადის გადავადება, გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი და ა.შ. ის მთავარი რეფორმებია, რომლებსაც, აქტიურად განიხილავს ახალი პრემიერი", - განმარტავენ ISET-ში.

2015 წლის მეოთხე კვარტალში მოსალოდნელი გასაყიდი ფასების ინდექსმა მაქსიმუმს მიაღწია. 2016 წლის იანვარში ინფლაციის 5,6%-იანი დონე დაფიქსირდა. ახალი წლის პერიოდში, ბიზნესებმა შეძლეს ფასების კორექტირება გაცვლითი კურსის გაუფასურების შესაბამისად, რის გამოც კვლევის მიხედვით, ფასების მეტი ზრდა აღარაა მოსალოდნელი.

"ბიზნესის კეთების მთავარ შემზღუდველ ფაქტორად კვლავ არასაკმარისი მოთხოვნა დასახელდა. მცირე და საშუალო საწარმოებს უფრო მეტად უჭირთ ფინანსური რესურსების მოზიდვა.

ბიზნეს განწყობა მცირედით გაუმჯობესდა მსხვილი საწარმოებისთვის, მაგრამ გაუარესდა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. საერთო ჯამში, ბიზნესის განწყობა სტაბილური და პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება", - ნათქვამია კვლევაში, რომელშიც, 222 კომპანია მონაწილეობდა. აქედან 158 მცირე და საშუალო ზომის იყო, ხოლო 64 მსხვილი.