მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET: სტუმართმასპინძლობის სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდება

5e84d0ed754fa
BM.GE
01.04.20 23:15
910
როგორ გადაეცემა საქართველოს რეგიონებს სტუმართმასპინძლობის სექტორში კოვიდ-19-ით გამოწვეული შოკი - ამ სათაურით აქვეყნებს მიმოხილვას ISET-ი.

„წინამდებარე ბლოგში ჩვენ არ ვეცდებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირების მასშტაბის შეფასებას, არამედ ყურადღებას გავამახვილებთ ზიანზე, რომელიც, საქართველოს სტუმართმასპინძლობის სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) მიადგება, გავაანალიზებთ, რამდენად იმოქმედებს აღნიშნულ სექტორში ეკონომიკური აქტივობის შემცირება სხვა ინდუსტრიებზე მოკლევადიან პერიოდში და შევაფასებთ ერთობლივ ნეგატიურ გავლენას საქართველოს თითოეული რეგიონისთვის“, - წერია ინფორმაციაში.

როგორც ISET-ი წერს, სტუმართმასპინძლობის სექტორზე შემდეგი ფაქტორების გამო შეაჩერეს ყურადღება:

„უპირველეს ყოვლისა, ამკრძალავი ღონისძიებები (მაგ. სამოგზაურო აკრძალვები), ისევე როგორც მთელ მსოფლიოში კორონავირუსის უფრო ფართოდ გავრცელების შიშის ზრდა, პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო ტურისტების შემოდინებაზე, რაც უმალვე აისახება სასტუმროებზე, რესტორნებსა და კაფეებზე, ტურისტულ მიმართულებებზე, კურორტებსა და სხვადასხვა გასართობ მომსახურებზე, რასაც ემატება შიდა ტურიზმის ვარდნაც. მეორე მიზეზი კი, რომელიც ტურიზმთან არ არის დაკავშირებული, იმაში მდგომარეობს, რომ საქართელოში სტუმართმასპინძლობის სექტორზე გავლენას ახდენს COVID-19-ის შესაჩერებლად მთავრობის მიერ მიღებული პრევენციული ზომები, რაც, შესაბამისად, იწვევს ადგილობრივი მოთხოვნის შემცირებას. 21 მარტს, ინფექციის გავრცელების შემცირების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად, მთავრობამ დააწესა შეზღუდვები საზოგადოებრივ თავყრილობებზე და რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სპორტის და სპა ობიექტების ფუნქციონირებაზე, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე. მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები განუსაზღვრელი ვადით დაიხურა; რესტორნებმა მიიღეს რეკომენდაციები ყოველგვარი საქმიანობის შეჩერების შესახებ, რაც ადამიანებთან კონტაქტს გულისხმობს და მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისებს სთავაზობენ მოსახლეობას; ბევრმა სასტუმრომ გარკვეული პერიოდით დახურვა არჩია, მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა ჯერ კიდევ ოფიციალურად არ ეკრძალებათ. კორონავირუსის გავლენა ქართულ სტუმართმასპინძლობის სექტორზე უკვე საკმაოდ შესამჩნევია – თიბისი კაპიტალის მარტის ანგარიშის თანახმად, სასტუმროებში თიბისი ბანკის ტერმინალებით გადახდა წინა წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა. მნიშვნელოვნად დაიკლო რეზიდენტების და არარეზიდენტების მიერ კვების ობიექტებში განხორციელებულმა გადახდებმა“, - წერია ბლოგში.

ISET-ი წერს, რომ ისინი იკვლევენ სტუმართმასპინლობისა და სხვა სექტორების შემცირების ეფექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, - “მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი დარტყმა მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებზეა მოსალოდნელი, სადაც მთლიანი გამოშვება, სავარაუდოდ, 2.5-დან 3.5%-მდე შემცირდება. მათ მოჰყვება გურია, თბილისი, რაჭისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, სადაც მოსალოდნელია გამოშვების 1.5-დან 2.5%-მდე შემცირება. შედარებით დაბალი უარყოფითი ეფექტი არის მოსალოდნელი კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც გამოშვება, სავარაუდოდ, 0.5-1,5% -ის ფარგლებში შემცირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ შოკის მთავარი მიმღები სტუმართმასპინძლობის სექტორია, ყველა რეგიონში, გარდა ქვემო ქართლისა და შიდა ქართლისა, მთლიანი გამოშვების შემცირებას განაპირობებს აღნიშნული ინდუსტრია, რაზეც დამატებული ღირებულების მთლიანი შემცირების 50%-ზე მეტი მოდის”.

ISET-ის მიმოხილვის მიხედვით, ამ ეტაპისთვის, ტურიზმის ინდუსტრიის შოკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ვირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომების გათვალიწინებით, სტუმართმასპინძლობის სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდება, რასაც თან მოჰყვება ბევრ სხვა სექტორზე გარდამავალი ნეგატიური ეფექტები.

„როგორც შედეგები გვიჩვენებს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის შემოსავლებზე 1 მლრდ ლარის ოდენობის ჰიპოთეტური შოკი, მოკლევადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებას დამატებით 400 მლნ ლარით შეამცირებს, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები კი ამ პროცესში ყველაზე მეტად დაზარალდება“- წერია მიმოხილვაში.