02.დეკემბერი .2019 18:32

ისევ გაიყოფა თუ არა სამინისტროები - რა წერია 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში?

views 212
უკან

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მესამე ანუ საბოლოო ვარიანტის მიხედვით, კულტურისა და ენერგეტიკის სამინისტროების ცალკე გამოყოფა გათვალისწინებული არ არის. როგორც იცით, 1 წლის და 8 თვის წინ, საქართველოს განათლების სამინისტრო კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდა, ენერგეტიკის სამინისტრო კი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.

გაერთიანებული სამინისტროების ისევ დამოუკიდებელ სტრუქტურებად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქმის კურსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ის ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩემთვის გადაწყვეტილება, რომელიმე სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით ცნობილი არ არის. ბიუჯტი შემუშავებულია იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. შესაბამისად, როდესაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება და თუ იქნება, ამის შემდეგ მოხდება კონკრეტული უწყებების გაყოფა, ან - არა. გააჩნია, საკანონმდებლო დონეზე რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს უწყება 2020 წელს შესაძლოა, ხელახლა გაიყოს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. არის რამდენიმე ვერსია, რომელიც იქნა ნახსენები, რომელიც შეეხება გაყოფას, ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ, სავარაუდოდ, ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან, ამიტომ საკმაო დრო არის ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა წლის ბოლომდე, კონკრეტულად როგორ მოხდება თუ მოხდა საერთოდ, რადგან ამას ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ. მაგრამ როგორც გითხარით დრო არის იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს ისე, როგორც საქმეს წაადგება”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, მის აღდგენას მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე უჭერს და ამ მოთხოვნით მან პრემიერ-მინისტრსაც მიმართა. გარდა ამისა, ამ დარგობრივი სამინისტროს აღდგენის მხარდამჭერთა რიგებში დედაქალაქის მერი კახა კალაძეა, რომელიც გაუქმებამდე სწორედ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა