მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISFED : გამოვავლინეთ 34 „ფეისბუქ“ გვერდი, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა

5f2a8e2cdf7fa
ინგა მურუსიძე
05.08.20 17:00
1616
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა 34 „ფეისბუქ“ გვერდი, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენენ და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია “ალტ-ინფო”-სთან არიან დაკავშირებული, - ამის შესახებ ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან, ინფორმაციის თანახმად, „ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი - ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტ-ი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა, რომ „ალტ-ინფო“ აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის - DFRLab-ის შეფასებით, „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.

კვლევაში ნათქვამია, რომ შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია altinfocom@gmail.com.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული მოქმედება გამოავლინა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი კონტენტის „ფეისბუქ“ მომხმარებლებზე შენიღბულად და მასობრივად გავრცელებას. ამჟამად, „ალტ-ინფოს“ მთავარ იარაღს წარმოადგენს ონლაინ ვიდეო-გადაცემების გაზიარება მათთან დაკავშირებულ 34 „ფეისბუქ“ გვერდზე, რომელთაგან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22 - გვერდი ფარულად არის აფილირებული „ალტ-ინფოსთან“.
34 გვერდის გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებშიც აქტიურად ზიარდება „ალტ-ინფოს“ სიახლეები, მათგან 7 ჯგუფი მჭიდროდ არის კოორდინირებული და შენიღბულად ეწევა „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას.

„ალტ-ინფოს“ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს ჯამში 365,549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს - 157,640. მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169,734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777,679 წევრი ჰყავს.

„ფეისბუქზე“ საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება „ალტ-ინფომ“ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ფეისბუქმა“ „ალტ-ინფოს“ და მასთან დაკავშირებული, სიძულვილის ენით გამორჩეული ე.წ „ალფა დომინანტის“ გვერდები დაბლოკა.
მას შემდეგ ხელახლა შეიქმნა მათი ამჟამინდელი ოფიციალური გვერდი - Alt-Info • ალტ-ინფო, რასაც მალევე მოჰყვა მასთან დაკავშირებული ახალი ტიპის გვერდების გამოჩენა.

როგორც ჩანს, „ალტ-ინფოს“ მიზანს გამომწერების დივერსიფიცირება წარმოადგენდა და, შესაბამისად, ზოგიერთ ახალ გვერდს შენიღბულად გასართობი შინაარსი მიეცა. მათი დასახელების სტილი ერთგვაროვანია და ქსელურ კავშირზე იმთავითვე მიუთითებს.

აღნიშნულ გვერდებზე სახელწოდების შესაბამის გასართობ სიახლეებთან ერთად „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კონტენტი ვრცელდება.

ალტ-ინფოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ გვერდებს შორის ასევე არიან ანტილიბერალური ნარატივების აქტიურად გამავრცელებელი გვერდები: Geo Pepe, Alpha Dominant და „ქართული მარშის“ ყოფილი წევრი ამჟამად კი, „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ახალი ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოს“ თავმჯდომარის, კონსტანტინე მორგოშიას „ფეისბუქ“ გვერდი“, - ნათქვამია ISFED-ის ინფორმაციაში.

ამასთან, „ალტ-ინფო“ ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს.

„მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით. მათი „ფეისბუქ“ აქტივობაც ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას ემსახურება. ალტ-ინფოს პოსტებსა თუ ვიდეო გადაცემებში ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი მიმართვები სექსუალური უმცირესობების, ქალების და ემიგრანტების მიმართ. მათი ნარატივი მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენას მოიცავს. გვერდზე ხშირია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და ქალთა უფლებადამცველების დისკრედიტაცია.

უკვე არაერთხელ დადგინდა, რომ „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის  მანიპულირებაზეა დაფუძნებული.პარალელურად, „ალტ-ინფო“ ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევა სრულად: