21.დეკემბერი .2019 09:34

ISFED-ის დირექტორი სოციალურ ქსელში ყალბი პროფილების გაუქმებაზე: გვქონდა ზარი Facebook-თან...

views 5278
უკან

"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დირექტორი მიხეილ ბენიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი გვერდებისა და ანგარიშები გაუქმებას.

ორგანიზაციის დირექტორის თქმით, მათ უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი “ფეისბუქთან” და დეტალურად ისაუბრეს გაუქმებულ გვერდებსა და პროფილებზე.

“ჩვენი წინასწარი ანალიზის შედეგად გაუქმებულია ISFED-ის ანგარიშებში შესული და მონიტორინგის ქვეშ მყოფი ცრუ მედია გვერდები და ცრუ მხარდაჭერის გვერდები თითქმის სრულად. ასევე, გაუქმებულია მადისკრედიტირებელი გვერდების დიდი ნაწილი, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა შესახებაც ცალკე დავწერთ კიდევ. "ფეისბუქის" წარმომადგენლების თქმით, დღეს წაშლილი გვერდები ავლენდა კოორდინაციის მაღალ ხარისხს და ცალსახად იკვეთებოდა კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. "ფეისბუქი" ასევე აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე კვლავ მიიღებს მსგავს ზომებს სხვა გვერდებთან და კოორდინირებულ ქსელებთან დაკავშირებით.

საარჩევნო და პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო სივრცის დაცვა მანიპულაციისა და დეზინფორმაციისგან, რაშიც "ფეისბუქს" შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. კარგია, რომ საქართველო მათი ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. იმედია, "ფეისბუქის" აქტიური ჩართულობით, შევძლებთ 2020 წლის არჩევნების საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღებას და დაცვას მავნე ზეგავლენისგან. სამართლიანი არჩევნები (ISFED) გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ უფრო აქტიურ კოორდინაციას ჩვენს სხვა კოლეგებთან ვისი მნიშვნელოვანი წვლილიც არის დღევანდელი შედეგი. მეთოდოლოგიურ და სტრატეგიულ მუშაობას აუცილებლად აქვს აზრი, რაც არ უნდა კომპლექსური გამოწვევები ახლდეს თან”,- წერს მიხეილ ბენიძე.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22 ანგარიში გააუქმა. როგორც სოციალური ქსელი იტყობინება, გაუქმებული ყალბი ანგარიშები შექმნილი იყო მედია ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიის, საჯარო ფიგურების და აქტივისტთა ჯგუფების სახელით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა