მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს უნდა იხდიდეს “ენგურჰესი” ადგილობრივ ბიუჯეტში? - გიორგი კაკაურიძის პასუხი

6346a0a75d5aa
BM.GE
12.10.22 16:50
772
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე “ენგურჰესის” შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანა წითლაძის განცხადებით, “ენგურჰესი”, რომელიც მილიარდიან აქტივს წარმოადგენს, წალენჯიხის ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ 1.2 მილიონ ლარს იხდის, ნაცვლად 12 მილიონი ლარისა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, რომ ენგურჰესის აქტივები 1 მილიარდს შეადგენს. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ობიექტის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორისგან დგინდება, მათ შორისაა მომგებიანობაც, ხოლო ენგურჰესის მომგებიანობა დაბალია, რადგანაც სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი აფხაზეთის რეგიონს უსასყიდლოდ მიეწოდება.

“იცით, რომ ენგურჰესი წალენჯიხისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. ობიექტი ქონების გადასახადს ქონების რეალური ღირებულების მიხედვით უნდა იხდიდეს, მისი აქტივი მილიარდზე მეტია. თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული შეღავათის გამო ის იხდის მხოლოდ 1.2-1.3 მილიონ ლარს წალენჯიხის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც უნდა იხდიდეს 10 და 12 მილიონს. კარგად ხვდებით რა იქნება წალენჯიხის ბიუჯეტისთვის დამატებით 10-12 მილიონი,”- განაცხადა ანი წითლაძემ.

“ენგურჰესის დღევანდელი ღირებულება ნამდვილად არ ვიცი და ამას შეფასება სჭირდება. ენგურჰესის კომერციული საქმიანობის ღირებულება ფასდება არამხოლოდ იმ შენობა-ნაგებობების ღირებულებით, რომელიც მას აქვს. ეს ფასდება იმ მომგებიანობით, რასაც ენგურჰესი საბოლოო ჯამში წერს. ვინაიდან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი მიედინება აფხაზეთში, ენგურჰესი დიდ მოგებაზე ვერ გადის. მე ძალიან მეეჭვება, რომ მილიარდი იყოს ამის ღირებულება. ენგურჰესმა გასულ წელს ვერ შეძლო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას დაკისრებული ჰქონდა. სესხი, რომელიც აღებულია რეაბილიტაციისთვის. ჩვენ მოგვიწია ამ სესხების გადავადება და გარკვეულწილად გრაფიკის ცვლილება. გეთანხმებით, რომ ყველა ობიექტი უნდა იყოს შეფასებული საბაზრო ღირებულებით და რა საბაზრო ღირებულებაც აქვთ, იმის მიხედვით უნდა გადაიხადონ გადასახადები. მოლოდინი, რომ ენგურჰესის შეფასების გაზრდის შემდეგ ათჯერ გაიზრდება ქონების გადასახადი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

თავად “ენგურჰესის” 2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 417 მილიონ ლარს შეადგენს. ამავე წელს ელექტროსადგურმა 14.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო და 61.8 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.