23.თებერვალი .2022 19:00

ისრაელი, ინდოეთი, კორეა, საამიროები - რა ეტაპზეა თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები?

ისრაელი, ინდოეთი, კორეა, საამიროები - რა ეტაპზეა თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები?
views 943
უკან

"ჩვენ, როგორც პატარა ბაზარი, შესაძლოა, ინვესტორებისთვის საინტერესო არ ვიყოთ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებით, ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ხდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე - „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენცია“ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 

„ჩვენ მომდევნო წლებში გავაგრძელებთ როგორც საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიცირებას, ასევე ახალ სავაჭრო შეთანხმებებზე მუშაობას. ამ კუთხით მიმდინარეობს სამუშაოები ინდოეთთან, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი სამომხმარებლო ბაზარი. დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემიის გამო შეფერხებული პროცესი გაგრძელდება და მოლაპარაკების პირველი რაუნდი წელს გაიმართება. გარდა ამისა, უკვე გადავდგით ნაბიჯი და გაფორმდა მემორანდუმი, რომ წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალ ვაჭრობაზე“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ისრაელთა და სამხრეთ კორეასთან ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც დასრულებულია და მუშა პროცესია, რომ ორივე ქვეყანასთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი წელსვე გაიმართოს. 

„ამ კვლევებმა აჩვენა ის დადებითი მოლოდინები, რაც შეიძლება მოუტანოს როგორც ერთ, ისე - მეორე მხარეს. არასატარიფო თუ სატარიფო ბარიერების გარეშე ამ ბაზრებთან დამატებითი წვდომა მოგვცემს საშუალებას, რომ მსოფლიო მოსახლეობის 72%-თან წვდომა გვქონდეს. ეს გაუხსნის შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში და გავხდეთ კონკურენტუნარიანები, რათა ამ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით წვდომით უფრო მეტი პროდუქტის წარმოება და დივერსიფიცირება შევძლოთ.

ჩვენ, როგორც პატარა სამომხმარებლო ბაზარი, შეიძლება, არ ვიყოთ საინტერესო ინვესტორებისთვის, მაგრამ ამ შეთანხმებების გაფორმებით, ქვეყანა ხდება კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ამდენად, მაშინ, როცა დიდი ქვეყნების ეკონომიკები ვერ ვაჭრობენ ამ ბაზრებთან, ჩვენ შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, რომ აქ აწარმოონ პროდუქტი, გააკეთონ თავიანთი წარმოება და ინვესტიციების დივერსიფიცირება, რათა შემდეგ ამ ბაზრებზე გვქონდეს წვდომა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა