ისრაელი, ექვსკვირიანი უპრეცედენტო ჩაკეტვის შემდეგ, საჰაერო მიმოსვლას ნაწილობრივ აღადგენს, რაც ისრაელის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ მშობლიურ ქვეყანაში და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არჩევნები ისრაელში 23 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ისრაელის ტრანსპორტის მინისტრის, მირი რეგევას განცხადებით, 7 მარტიდან ბენ-გურიონის აეროპორტში ყოველდღიურად ათასამდე მგზავრი დაიშვება, ხოლო 14 მარტიდან ეს რიცხვი 3 ათასამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს ტესტირების გავლა მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ ვაქცინაცია გაიარეს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.
გარდა ამისა, ისრაელის აცრილ მოქალაქეებს გარკვეული მიმართულებით ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემენ, ხოლო აუცრელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების ნებართვის მიღება მოუწევთ.
ცნობისთვის, უცხოელებს ისრაელში შესასვლელად კვლავ სჭირდებათ სპეციალური ნებართვის მიღება.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვრიდან კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობას ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა.