14.მაისი .2020 20:27

„ისრაელი სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც მოგზაურებს ვუმასპინძლებთ”

views 502
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ამირ ჰალევთან ონლაინ დიალოგი გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წერს, ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. ონლან შეხვედრაში ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანიაც მონაწილეობდა.

„შედგა ძალიან პოზიტიური დიალოგი ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ამირ ჰალევთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების თაობაზე. საქართველოსთვის და ისრაელისთვის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ისრაელი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება. ჩვენი კერძო სექტორი ძალიან აქტიურად მუშაობდა ისრაელის ტურისტულ ბაზარზე. როგორც ვხედავთ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და ეფექტურად. ჩვენ მადლობლები ვართ, იმ პოზიტიური შეფასებით, რომელიც საქართველომ დაიმსახურა როგორც უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ. როგორც სამუშაო პროცესებიდან ჩანს ისრაელი სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც ჩვენ მოგზაურებს ივლისიდან ვუმასპინძლებთ”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ეს არის პროცესი, როგორც საქართველო განიხილავს ისრაელს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლისთვისაც შეიძლება გაიხსნას ტურიზმი, ასევე ისრაელი განიხილავს საქართველოს ასეთ მიმართულებად. ჩვენ ინტენსიურად მოკლე დროში უნდა გავიაროთ გრძელი გზა, ეს არის ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ტენდენციები, რომელიც ქვეყნებს შორის უნდა გაიცვალოს. შემდგომში იქნება ერთმანეთის რეგულაციების შეჯერება, თუ რას აწესებს ორივე ქვეყანა შემომსვლელი და გამსვლელი ტურისტებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეთანხმება ქვეყნებს შორის. ის რომ იმ 8 სახელმწიფოს შორის ისრაელი საქართველოს მოიაზებს რომელთანაც გაიხსნება ტურიზმი და საქართველო თავის მხრივ ისრაელს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, -განაცხადა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ.