მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი: გაზაფხულიდან ინფლაცია ეტაპობრივ კლებას დაიწყებს

61fa4b1ad1655
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.22 13:10
790
საქართველოს ეროვნული ბანკი გაზაფხულიდან ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს, ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10.5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას სებ-ი საწვავის გაძვირებული ღირებულებით, ასევე გლობალურად გაზრდილი სურსათის ფასით და ლოგისტიკის გაძვირებით ხსნის. ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ამ ფაქტორებს გარკვეულწილად ანეიტრალებს. 

"დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13.9 პროცენტამდე გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ამ ზრდის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების 2020 წლის სუბსიდიის საბაზო ეფექტი იყო, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა პრესრელიზებშიც იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც დროებით შენარჩუნდება.

თუმცა, მთლიანობაში, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, დროებითი ფაქტორების მილევასა და ფისკალურ კონსოლიდაციასთან ერთად, ინფლაციის ამ შემცირებას შეუწყობს ხელს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში.