29.ივლისი .2021 18:00

„ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველომ მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს“

„ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველომ მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს“
views 295
უკან

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ისრაელში ქართველების ლეგალურად დასაქმებისთვის კვოტირების საკითხი გარკვეული მიზეზების გამო ჩავარდა.

BMG-ისთან საუბრისას ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე, კვოტირების ჩავარდნის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საქართველომ ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა იმუშაოს.

„ჩვენ რამდენიმეჯერ გავაკეთეთ ინიციატივა და ისრაელიდან ორჯერ საპარლამენტო დელეგაცია და პროფკავშირების წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ, რომ საქართველოსთან ამ სფეროში ყოფილიყო წინსვლა და ისრაელს საქართველოსთვის კვოტები გამოეყო. გარკვეული მიზეზების გამო, რომელზე საუბარიც ახლა არ მსურს, კვოტირების საკითხი ჩავარდა. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოდან ისრაელში სამუშაოდ მიმავალი პირები არაოფიციალურად ბინებს ყიდიდნენ და დიდ თანხებს იხდიდნენ, ისრაელში ჩასვლის შემდეგ კი სირთულეები ექმნებოდეთ. ამაში ისრაელის მხარე საერთოდ არ არის დამნაშავე.

ქართულმა მხარემ შედეგების მისაღწევად უფრო მეტი ინიციატივა უნდა გამოხატოს. კვოტის არსებობის შემთხვევაში, ეს საკითხი მოგვარდებოდა. პრობლემა ის კი არ არის 500 ადამიანი იქნება თუ 5 000, პრობლემაა რამდენად ლეგალურად კეთდება საქმე. ამ საკითხზე ჩვენ რამდენჯერმე გავაკრიტიკეთ ორივე მხარე. არ ვართ გამომძიებლები და არ ვეძებთ იმას, ვინ არის დამნაშავე. ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ ადამიანები უკანონოდ მიდიან ისრაელში და ამისთვის მათ დიდი თანხების გადახდა უწევთ. ამიტომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ვინ მოაგვარებს, ეს ჩვენი საქმე არაა“, - აცხადებს იციკ მოშე.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე ორივე მხარე უნდა მუშაობდეს.

„დღეს ისრაელში ახალი მთავრობაა. ქვეყნებს ჰყავთ საელჩოები, მათი წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც საკმაოდ დიდ ხელფასებს იღებენ. ისინი ერთმანეთს შეიძლება დღეში 100-ჯერ შეხვდნენ... ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. მიუღებელია ჩვენთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არალეგალურად მუშაობდნენ ისრაელში - ამას პრობლემები მოაქვს. ჩვენ არ ვიყურებით უკან, წარსულზე ლაპარაკი, თუ ეს არ ისახავს ხვალინდელი დღის რეალურ გეგმას, ილუზია და ტყუილია. ამიტომ ვისაუბროთ მომავალზე და დავისახოთ გეგმა, რა უნდა იყოს კვოტა. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და კარგ პერიოდში ისრაელის სახლის დახმარებით საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ფორუმებზე 20-მდე პარლამენტარი ჩამოგვიყვანია. ქართულმა მხარემ ეს უნდა გამოიყენოს, მაგრამ თუ ქართული მხარე იტყვის, რომ ისრაელთან ყველაფერი მოგვარებულია, მაშინ ყველაფერი უკან წავა და არასამთავრობოს ხელში დარჩება ყველაფერი“, - უთხრა BM.GE-ის იციკ მოშემ.

ცნობისთვის: საქართველოს მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. სამუშაოს ხანგრძლივობა სრული განაკვეთით, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათია. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში კი 5 300 შეკელია.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება მაქსიმუმ 63 თვემდე იქნება შესაძლებელი.

ისრაელში საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე იგეგმებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა