მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ქართველების ლეგალურად დასაქმების პირობებში ცვლილებებზე შევთანხმდით - ელჩი

6213d2fda0d06
თამთა ჯიჯავაძე
21.02.22 23:20
18852
ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 1 587 მოქალაქემ გაიარა. თუმცა, როგორც BMG-ს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში უთხრეს, 2021 წელს არავინ დასაქმებულა.

ცნობილია ის, რომ ისრაელის სახელმწიფოში ზემოხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმებისათვის 125 განაცხადი გაიგზავნა. რა აფერხებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამას? ამ კითხვით BMG-მ ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს მიმართა.

როგორც ელჩი ამბობს, შეთანხმების მიხედვით, არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რაც აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა სამწუხაროდ, მცირე რაოდენობის აპლიკანტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამიტომაც, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ცოტა ხნის წინ შეიცვალა მოთხოვნების ნაწილი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს სამომავლოდ განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა.

„ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ნებისმიერ პოტენციურ კანდიდატს მოეთხოვება ჰქონდეს კონკრეტული კვალიფიკაცია (მაგალითად, გავლილი ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგი და ა.შ.). სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ დრომდე ძალიან ცოტა აპლიკანტს ჰქონდა, შესაბამისი კვალიფიკაცია. თუმცა ჩვენ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობასთან შევთანხმდით ძირითადი მოთხოვნების მცირედი მოდიფიცირების შესახებ, რათა გავზარდოთ პოტენციური კანდიდატებისთვის შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, რომ ამის შედეგებს უახლოეს მომავალში დავინახავთ“, - განუცხადა BMG-მ ისრაელის ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი გასული წლის აპრილიდან დაიწყო.

ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს, რაც დაახლოებით, 1600 დოლარია.

ცნობისთვის, გერმანიასთან დადებული ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ისრაელთან განსაზღვრულია კვოტა, რომელიც 1000 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.