მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელური ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აჩერებენ

60feb620e6a8c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 21:00
3749
ისრაელურმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით რეისები შეაჩერეს - ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ავიანიუსი“ TAV Georgia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ ისრაელური ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.

ავიარეისების გაუქმების მიზეზი ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებია, რომლის მიხედვით ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო საქართველო “წითელი” ქვეყნების ჩამონათვალშია შეყვანილი და ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმა.

“ჯერჯერობით უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია EL Al, რომელსაც აგვისტოს თვეში 17 რეგულარული რეისის შესრულება ჰქონდა დაგეგმილი.

ამასთანავე თელ ავივის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი (ჯამში კვირაში 16 სიხშირე). ამ ეტაპზე ორივე ავიაკომპანიას ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია”, - განმარტავენ TAV Georgia-ში.

რაც შეეხება თელ ავივი-ბათუმის მიმართულებას, ავიაკომპანია Arkia-მ აგვისტოში ფრენები საერთოდ გააუქმა. სიხშირეები შეამცირეს ავიაკომპანიებმა – El Al და Isr Air-ი; აღსანიშნავია, რომ აგვისტოში დაგეგმილი 66 რეგულარული ფრენიდან 49 ფრენა უკვე გაუქმდა.

გაუქმებული რეისების შედეგად, აგვისტოში ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 74%-ით შემცირდება.

ცნობისთვის: ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შევიდა, სადაც ისრაელის მოქალაქეებისთვის მოგზაურობა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აკრძალული იქნება.