09.აგვისტო .2022 13:28

„ჯავშნები გვიუქმდება“ – შეძლებს თუ არა ახლადგახსნილის სასტუმრო მესტიაში ოპერირების გაგრძელებას?

„ჯავშნები გვიუქმდება“ – შეძლებს თუ არა ახლადგახსნილის სასტუმრო მესტიაში ოპერირების გაგრძელებას?
views 7676
უკან

მესტიაში ივლისში გახსნილი სასტუმრო „ლატველის“ მფლობელის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე სასტუმროს დატვირთვა დაბალია და ევროპიდან ზამთარში შემოსული ჯავშნები უქმდება. ამის შესახებ გიორგი მოსულიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

„დღეს მოთხოვნა საერთოდ არ არის. ძალიან ცოტა ჯავშანი გვაქვს. მესტიაში ძირითადად ეს მდგომარეობაა, რადგან აქ ძირითადად ევროპელი ტურისტები ჩამოდიოდნენ“, - ამბობს ახლადგახსნილი სასტუმროს მფლობელი.

მისივე თქმით, სასტუმრო „ლატველმა“ ჯავშნების მიღება ჯერ კიდევ გახსნამდე დიდი ხნით ადრე - დეკემბერ-იანვრიდან დაიწყო და შედეგად მიმდინარე წლის სექტემბრამდე დატვირთვა 80% იყო, თუმცა როგორც გიორგი მოსულიშვილი ამბობს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროპიდან ჯავშნები უქმდება და სასტუმროს დატვირთვა მინიმალურია.

„ჩვენი ინფორმაციით ჯავშნების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო უქმდება. ამიტომ წელს სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. ამ დროისთვის ძირითადად 1-2 დღიანი ჯავშანი ქართველების მხრიდან გვაქვს. უცხოელების მხრიდან კი გრძელვადიანი ჯავშნები შემოდიოდა. იმის მოლოდინი, რომ ამ ჯავშნებს გააუქმებდნენ არ გვქონდა. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეული რაოდენობის ჯავშანი 2023 წლისთვისაც შემოდიოდა. ევროპელები მოგზაურობას დაახლოებით 3 თვით ადრე გეგმავენ, დღეს კი მოთხოვნა შემოდგომის თვეებზეც არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომის პერიოდიც პასიური იქნება. თითქმის ყველა სასტუმროში ეს მდგომარეობაა. ჩემი დაკვირვებით სვანეთში, დღეს უფრო საოჯახო სასტუმროებია დატვირთული“, - ამბობს გიორგი მოსულიშვილი.

კითხვას - შეძლებს თუ არა „ლატველი“ დაბალი დატვირთვის შემთხვევაში შემოდგომაზე ოპერირებას, სასტუმროს მფლობელი ასე პასუხობს: „შევხედავთ, როგორი იქნება სექტემბერი და თუ მოთხოვნა არ იქნება, სასტუმროს დახურვა მომიწევს. რადგან ხარჯები ძალიან დიდია და სასტუმროს მოცდენის შემთხვევაში სხვა გზა არ გვექნება“.

ივლისში გახსნილი სასტუმრო დღეს 6 ადამიანს ასაქმებს და როგორც სასტუმროს მფლობელი ამბობს, ყველა მათგანი თბილისიდან ჰყავს წაყვანილი.

„ადგილზე კადრების მოძიება ძალიან ჭირს. დამლაგებელიც კი ვერ ვიშოვე. ერთი ადგილობრივი ავიყვანე და გასულ კვირას ქვეყანა დატოვა და პოლონეთში გაფრინდა. კადრების დეფიციტი ძალიან გვაწუხებს. თბილისიდან გვყავს წაყვანილი დასაქმებულები“, - აღნიშნა მოსულიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა