მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისთ ფოინთი“: ჩვენთვის ეს შეზღუდვები არის ტოტალური ლოქდაუნი

5fc1084807b60
ელენე გოგბერაშვილი
27.11.20 20:21
2232
საქართველოს მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ხვალიდან ყველა სავაჭრო ცენტრი იკეტება. მთავრობის გადაწყვეტილებას სავაჭრო ცენტრებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენციით უპასუხეს. ბიზნესი მთავრობას 6 მოთხოვნით მიმართავს.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დახურვა საფრთხეს უქმნის იმ 17 000 მოქალაქეს, რომელსაც ისინი ასაქმებენ. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ისინი ირწმუნებიან, რომ თუ დეკემბრის განმავლობაში სავაჭრო ინდუსტრია ვერ იმუშავებს, ჯამური ზარალი 1 მლრდ ლარამდე იქნება. მათივე გათვლებით, ყოველი დაკეტილი დღე 10 მლნ ლარის ოდენობის ზარალს ნიშნავს, ხოლო მთლიანად სავაჭრო ინდუსტრიისთვის - 25 მლნ ლარის ზარალს.

„ჩვენთვის ეს შეზღუდვები არის ტოტალური ლოქდაუნი. ჩვენ წინა პერიოდში გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებების ფორმატი მთავრობასთან. განიხილებოდა ბევრი სცენარი. ჩვენ აბსოლუტურად ვიაზრებთ შექმნილ მდგომარეობას და მზად ვიყავით მიგვეღო დამატებითი შეზღუდვები, მაგრამ ის, რაც მივიღეთ დღეს, ეს არის საცალო ვაჭრობისთვის ტოტალური ლოქდაუნის ტოლფასი.

ჩვენთან დასაქმებულია 3 000-მდე ადამიანი, ეს შეზღუდვები კი გამოიწვევს იმას, რომ ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს.

პირველი ლოქდაუნის შემდეგ ყველა ჩვენი პარტნიორი ბრენდი იმის იმედით მოვიდა, რომ დეკემბერში შეძლებდა ფუნქციონირებას და რესურსის მობილიზებას. თუ ამას ვერ შევძლებთ, ეს დაგვაყენებს სექტორს მძიმე რეალობის წინაშე“, - აცხადებს „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი, თეიკო ლომინაძე.