მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორი შეიძლება მოგებაზეც გავიდეს, მაგრამ 0-თან ახლოს" - ალექსანდრე ძნელაძე

5fc3579980148
თათია კაკიაშვილი
30.11.20 10:15
1124

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი საბანკო სექტორში კარდინალურ ცვლილებებს არ ელოდება და ამბობს, რომ „წლის მესამე კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე, საბანკო სექტორს საკმაოდ ნორმალური მაჩვენებლები ჰქონდა“.

„კარდინალურ ცვლილებებს, გარდა იმ ფაქტორისა, რომ წლის ბოლოს აქტივობა სესხების მიმართულებით საკმაოდ მაღალია ხოლმე, არ ველოდებით; საბანკო სექტორი ზრდის ტემპზე ნამდვილად არ იყო წელს ორიენტირებული. რა მოლოდინებიც არსებობდა, იმ მოლოდინებს ნამდვილად არ გავცდებით“, - განაცხადა ძნელაძემ.

მისივე თქმით, სექტორი შესაძლოა, წლის ბოლოს მოგებაზეც გავიდეს, თუმცა „ნულთან ახლოს“.

„მთლიანად სისტემა შეიძლება, მოგებაზეც გავიდეს, მაგრამ ნულთან ახლოს. წლის ბოლომდე დამატებით რეზერვებსაც არ ველოდებით იქიდან გამომდინარე, რომ პირველ კვარტალში იყო უკვე შექმნილი დამატებითი რეზერვი ეროვნულ ბანკთან ერთად მათივე მოთხოვნით. ეს რეზერვი კიდევ არსებობს.

დღეის მდგომარეობით, მომავალ წელზე პროგნოზების გაკეთება ცოტა რთულია, სანამ პირველი კვარტლის შედეგებს არ ვნახავთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ შევხედოთ, რამდენად შეიცვლება და გარდამტეხი იქნება პანდემიური პროცესებისთვის აღნიშნული ლოქდაუნი. წლის ბოლოს გვეცოდინება, რამდენად მართვადი იქნება სიტუაცია“, - განაცხადა ალეკო ძნელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ხდება ცნობილი. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგების დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “საქართველოს ბანკს” აქვს და ის 157.2 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომლის ზარალიც 156.4 მილიონი ლარი იყო. ფინანსური შედეგებიდან ირკვევა, რომ 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზეა. ერთადერთი ბანკი, რომელმაც 2020 წლის პირველი 6 თვე ზარალის ნაცვლად მოგებით დაასრულა "სილქ როუდ ბანკი იყო".