მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში ყველაზე დიდი IPO-ს დეტალები - Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე გადის

5decf112e3d70
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.19 16:29
1793
2019 წლის 11 დეკემბერს, Tadawul-ზე, ანუ საუდის არაბეთის სამეფოს მთავარ საფონდო ბირჟაზე მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის - Saudi Aramco-ს აქციათა პირველადი შეთავაზება (IPO) შედგება.

საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ცურვაში გავა კომპანიის აქციების 1.5%, ხოლო აქციების საწყისი ფასი კი $8.53 დოლარი, ანუ 32 საუდის არაბეთის რიალი იქნება. ვაჭრობის პირველ დღეს, კომპანია $25 მილიარდის ღირებულების აქციების რეალიზებას გეგმავს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას საკუთარ კაპიტალს 200 მილიარდ აქციად დაყოფს, ეს ნიშნავს, რომ მისი საბაზრო ღირებულება $1.7 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება, ეს კი დღეს, ნებისმიერი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას აღემატება (შედარებისთვის Apple-ისა და Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონ დოლარს არ აჭარბებს).

თუმცა, ეს თანხა იმაზე $300 მილიარდით ნაკლებია, რასაც საუდის არაბეთის მთავრობა საფონდო ბირჟაზე გასვლით ელოდა. თავდაპირველი გეგმით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა, თავისუფალ ცურვაში (ბირჟაზე) კომპანიის აქციათა 5% უნდა გასულიყო, ხოლო შეთავაზების პირველადი ფასი $10 დოლარი უნდა ყოფილიყო. (ამ შემთხვევაში IPO-ს დღეს ბაზარზე $100 მილიარდის აქციები გავიდოდა)

მაგრამ, საუდის არაბეთის მთავრობის მიერ დაქირავებული საერთაშორისო ანალიტიკოსების რჩევით, IPO-ს მოცულობა შეიკვეცა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საუდის არაბეთის ეროვნული საფონდო ბირჟა Tadawul-ი ლონდონის, ან ნიუ-იორკის ბირჟასთან შედარებით გაცილებით მცირეა, რის გამოც ბაზარს ერთ დღეში Aramco-ს მოცულობის IPO-ს ათვისება შესაძლოა გართულებოდა, 1.5%-იანი შეთავაზებით კი ბაზარზე $25 მილიარდის აქციები გადის, რომლის ათვისებაც სავარაუდოდ, სირთულის გარეშე მოხდება.

Saudi Aramco-ს 100%-იანი წილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკუთვნის, მის საკუთრებაში არსებული საბადოების დამტკიცებული მარაგი მსოფლიოში ყველაზე დიდია და ის 260 მილიარდ ბარელს აჭარბებს. კომპანია ამ 260 მილიარდიდან ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონ ბარელს მოიპოვებს, რაც ყველა ამერიკული ნავთობგიგანტის ერთობლივ მოპოვებას აჭარბებს.

2018 წლის განმავლობაში Aramco-ს წმინდა მოგებამ $111.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.