მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიული ბაზრის "ახალი სიცოცხლე" - როგორი იქნება „ბაზარი ორბელიანზე“

616998da28f2f
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.21 19:54
8065
თბილისში, შემოდგომის მეორე ნახევარში, ორბელიანის მოედანზე ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, ქართული ინვესტიციით, რეგიონის მასშტაბით, განსხვავებული კონცეფციის - „ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ბაზარი ორბელიანზე“ პროდუქტების ყიდვის გამოცდილებას მთლიანად ცვლის. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. ეს ყოველდღიური სტუმრობის ადგილია, სადაც დროის გატარება როგორც მარტო, ასევე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად შესაძლებელია.

„ორბელიანის ბაზარი“ 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პირველი სართული, სრულად, აგრარულ ბაზარს ეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში პროდუქტები დასახელების მიხედვით იქნება განთავსებული. მეორე სართული 35 კვების ობიექტს გააერთიანებს, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოებით. მესამე სართულზე ბაზარში მოსულ სტუმრებს ტერასა მოემსახურებათ. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კულინარიული სკოლა ამოქმედდება, რომელიც ქართული გასტრონომიის განვითარებას შეუწყობს ხელს.





მნიშვნელოვანია, რომ „ორბელიანის ბაზრის“ პროექტს კომპანია „მერკადო“ ახორციელებს. როგორც „ბაზარი ორბელიანის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ მესარკიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, პროექტის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა და შესაბამისი მოკვლევითი და საპროექტო სამუშაოებისა და კონცეფციის განსაზღვრის შემდეგ პანდემიის მიუხედავად იდეა რეალობად იქცა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტი თავისი მოცულობით რეგიონში პირველია და ის სრულად ქართული ინვესტიციით განხორციელდა.

„ეპიდემიის პერიოდში სამუშაოების წარმოება, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა ჩვენმა გუნდა ეს შეძლო და ახლა გახსნის წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენთვის საამაყოც არის, რომ პანდემიის პერიოდში რეგიონის მასშტაბით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს კონცეფცია საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ აპრობირებულია და „ბაზარი ორბელიანზე“ შექმნის პროცესში სწორედ განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და ცოდნა გავიზიარეთ“, - აღნიშნავს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბაზარის ადმინისტრაციაში „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნის სავარაუდო დროდ ნოემბერს ასახელებენ და ამბობენ, რომ მისი ამოქმედების შემდეგ 1 000 პირდაპირი და, დაახლოებით, 3 000-მდე არაპირდაპირi სამუშაო ადგილი შეიქმნება.



„1886 წლიდან აქ ისტორიულად ბაზარი იყო და ვფიქრობთ, ამ კონცეფციის ამ სივრცეში გაცოცხლება მნიშვნელოვანია.

თბილისში ძალიან ბევრი ბაზარია, სადაც სანიტარული ნორმების გამო, ხშირად ადამიანებს მისი სტუმრობის სურვილი არ უჩნდებათ. კომპანიამ გადაწყვიტა გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე დიზაინითა და სანიტარული ნორმების უმაღლესი დაცვით ახალი სივრცე მოეწყო, სადაც ქალაქში ჩამოსული ტურისტი იქნება, თუ ადგილობრივი მის სტუმრობას, აგრარული პროდუქციის შეძენას და სხვადასხვა კუთხის ქართული სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებს“, - ამბობს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დღეს ბაზრის ადმინისტრაცია პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესშია, რათა გახსნის დღისთვის მომხმარებელს მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქტი და მომსახურება შესთავაზონ. თამარ მესარკიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„დიდი ხანია ამ კონცეფციაზე ვმუშაობთ და ადგილობრივ მეწარმეებთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. ბევრი საინტერესო ადგილობრივი მწარმოებელი გვეყოლება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ფერმერი და მცირე მეწარმე შემოგვიერთდეს. ამასთან, რესტორნების ნაწილში, კომპანიები ახალ კონცეფციებს სპეციალურად ბაზრისთვის ქმნიან. სტუმარმასპინძლობის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად კი სტუმარს უცხოური სამზარეულოს კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ“, - ამბობს თამარ მესარკიშვილი.