მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სერვისი – საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ინგლისურენოვან ამონაწერს გასცემს

6143408973143
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.21 17:12
1751
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერებს ინგლისურ ენაზე გასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

საჯარო რეესტრის ცნობით, ახალი სერვისი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უკვე რეგისტრირებულ ან რეგისტრაციის მსურველ სუბიექტებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ბიზნესპროცედურებს.

„ამ სერვისის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირებს თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობა, ხოლო შემდეგ კი ნათარგმნი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება ესაჭიროებოდათ, რაც დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სააგენტოს მიერ გაცემულ ინგლისურენოვან ამონაწერს და მის ელექტრონულ ვერსიას იგივე იურიდიული ძალა აქვს, რაც ქართულენოვან ამონაწერს. ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების საფასური 20 ლარი იმ მომსახურების საფასურს დაემატება, რომელთან ერთადაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული სერვისი.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ინგლისურენოვანი ამონაწერის მიღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ ფილიალებში, სააგენტოს ავტორიზებულ მომხმარებლებთან და ელექტრონულად, ვებპორტალ my.gov.ge-დან არის შესაძლებელი“, - განმარტავენ საჯარო რეესტრში.

ცნობისთვის: ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციაა თავმოყრილი. სისტემურად აღრიცხული, მუდმივად განახლებადი საჯარო მონაცემთა ბაზა, ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ და ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის სტატისტიკისა და კვლევის წარმოებას. რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ეროვნულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს ხდის არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც.