22.ივლისი .2020 12:41

IT კომპანიის დირექტორი, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს

views 2503
უკან

IT კომპანია "ზეგ"-ის დირექტორი თამარ კობერიძე  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. კომპანიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ის დღეს თეთრიწყაროს ტყეში, ავტომობილში იპოვეს გარდაცვლილი. 

კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტი იყო და მისი უკანასკნელი პროექტი დასაქმებულთა მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა იყო. თამარ კობერიძე აცხადებს, რომ შპს "ზეგ" აუთსორს მომსახურებას აწვდის კლიენტებს და ისინი ძირითადად აშშ-ის ბაზრისთვის ამზადებენ პროექტებს. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს "ზეგ" 2015 წლის 30 დეკემბერს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი აშშ-ის მოქალაქე  აბრაჰამ რეიხბახია. 

"შპს "ზეგ" არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი. პანდემიის დაწყებიდან გადავედით მუშაობის ონლიან რეჟიმში და თამუნას ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლიან სისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანამშრომლების საათების დათვლას. თამუნამ ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას.

რაც შეეხება თამუნას გაუჩინარებას, როგორც ზემოთ ვახსენე, ყველა ჩვენთაგანისთვის მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი.

თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა.

როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით, უპასუხოდ არავის ვტოვებთ და სულმოუთქმელად ველით თამუნას პოვნას“, - აცხადებს შპს "ზეგ"-ის დირექტორი თამარ კობერიძე.